|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეღავათიანი აგროკრედიტით „ვაზიანი კომპანიმ“ 300 ათასი აშშ დოლარი დაზოგა (R)

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ „ვაზიანი კომპანის“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში „ვითიბი ბანკმა“ 600 ათასი აშშ დოლარის აგროკრედიტი დაუმტკიცა. ეს მაქსიმალური თანხაა, რომლის მიღებაც ბიზნესსექტორს პროექტით შეუძლია.

„ვითიბი ბანკმა“ სესხი 15 პროცენტში დაამტკიცა. აქედან, 12 პროცენტს „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“, 3 პროცენტს კი მსესხებელი გადაიხდის. შპს „ვაზიანი კომპანის“ დირექტორი ლევან ფაღავა ამბობს, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის მეშვეობით 300 ათასი აშშ დოლარი დაეზოგება. ამ თანხას კი საწარმოს გადაიარაღებისთვის დახარჯავს. 

„ვაზიანი კომპანი“ ალკოჰოლური სასმელების, ძირითადად კი ღვინის წარმოებასა და რეალიზაციას ახორციელებს. სახელწოდება ახალია, თუმცა მენეჯმენტს ამ სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. სს კომპანია „ვაზიანი“ 1982 წელს დაფუძნდა, რომელიც ალკოჰოლური სასმელების წარმოება-რეალიზაციით იყო დაკავებული. გასულ წელს კომპანიის რეორგანიზაცია მოხდა. „ვაზიანის“ ერთადერთი სამართალმემკვიდრე სწორედ „ვაზიანი კომპანი“ არის.

კომპანიას თელავის რაიონში პირველადი ქარხანა აქვს, სადაც ყურძნის მიღება და დამუშავება ხდებოდა, ჩამოსასხმელი ხაზი კი თბილისში ფუნქციონირებდა. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ღვინის წარმოების მთელი ჯაჭვი თელავში აეწყო.

საწყის ეტაპზე მენეჯმენტს საწარმოს ასამუშავებლად 2 მლნ დოლარის ინვესტირება აქვს გადაწყვეტილი, აქედან 1 550 000 აშშ დოლარის აგროკრედიტს „ვითიბი ბანკისგან“ მიიღებს. დამტკიცებული სესხიდან 600 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაიცა.

 „უნდა შევიძინოთ თანამედროვე, იტალიური ძირითადი საშუალებები. ჩვენ 1 550 000 ლარის სესხის მიღებასთან დაკავშირებით ბიზნეს გეგმა მოვამზადეთ. შემდეგ კი „ვითიბი ბანკს“ დავუკავშირდით, რომელიც მხარში დაგვიდგა და მუშაობა დავიწყეთ. სწორედ ამ პერიოდში ცნობილი გახდა, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ იწყებოდა. „ვითიბი ბანკის“ დახმარებით ბიზნესგეგმა პროექტის კოორდინატორებს გადავუგზავნეთ. გეგმამ მათი მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა, შესაბამისად, მაქსიმალური თანხა, 600 ათასი აშშ დოლარი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში მივიღეთ... სესხი 5-წლიანია. ამ პროექტის მეშვეობით, დაახლოებით, 300 ათასი აშშ დოლარი დამეზოგება, რომელსაც წარმოების გადაიარაღებას მოვახმარ. ეს კი საშუალებას მომცემს წარმოება უფრო დაიხვეწოს და განვითარდეს... პირველი ტრანში ბანკიდან გასულ კვირაში გავიტანეთ. დამტკიცებული სესხი 3 თვეში უნდა ავითვისო. ქარხნის მშენებლობა უკვე დაწყებულია. იტალიურ კომპანიასთან საჭირო დანადგარების შეძენაზე შეთანხმებული ვართ და მალე შეკვეთასაც მივცემთ. საწარმო თელავში გაიხსნება. პირველ ეტაპზე 40-50 ადამიანს დავასაქმებთ. მუშახელი ადგილობრივი იქნება,“ _ გვითხრა შპს „ვაზიანი კომპანის“ დირექტორმა ლევან ფაღავამ. 

„ვაზიანი კომპანი“ ძირითადად ექსპორტზე მუშაობს. მის მიერ წარმოებული ღვინის ექსპორტი ხდება უკრაინაში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, ჩინეთში, მცირე რაოდენობით ამერიკასა და სხვა ქვეყნებში.

„კრედიტის ჯამური თანხის დანარჩენი მოცულობა, 950 000 აშშ დოლარი, „ვითიბი ბანკის“ დაფინანსებით გაიცა. აღნიშნული თანხის მიზნობრიობას ქარხნისთვის ძირითადი საშუალებების შეძენა და საბრუნავი საშუალებების დაფინანსება წარმოადგენს. შპს „ვაზიანი კომპანი“ „ვითიბი ბანკის“ კორპორატიული კლიენტია,“ _ აცხადებენ „ვითიბი ბანკში“.

600 000 აშშ დოლარი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“, მესამე კომპონენტს _ საინვესტიციო აგროსესხებს, მიეკუთვნება. პროექტის პირობების თანახმად, მესამე კომპონენტი 1 მლნ ლარამდე (ექვივალენტი აშშ დოლარში) სესხს შეადგენს. ეს არის აგროსაწარმოებისთვის განკუთვნილი 7 წლამდე შეღავათიანი აგროკრედიტი. მისი წლიური საპროცენტო განაკვეთი არაუმეტეს 3 პროცენტია. აგროკრედიტი ითვალისწინებს ძირითადი საშუალებებისა და ტექნოლოგიების ხანგრძლივი პერიოდით დაფინანსებას... სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული კომპონენტით, მინიმუმ, 60 საწარმოს გახსნაა ნავარაუდები.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით“ ისარგებლა მცირე ფერმერმა, 21 წლის არჩილ ადუაშვილმა. მას სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში 8 ჰექტარი მიწა ქირით აქვს აღებული, სადაც საზამთრო უნდა მოიყვანოს. არჩილ ადუაშვილს 17 ათასი ლარის აგროსესხი „პროკრედიტ ბანკმა“ დაუმტკიცა. კრედიტი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მეორე კომპონენტის ფარგლებში გაიცა, რომელიც საშუალო და მსხვილ ფერმერებზეა გათვლილი. მეორე კომპონენტი ითვალისწინებს 5000-დან 100 000 ლარამდე 2-წლიან აგროკრედიტის ხეწლმისაწვდომობას. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი 8 პროცენტზე მაღალი არ იქნება. მისი მიზანია საბრუნავი საშუალებების და მარაგების შესყიდვის დაფინანსება მოკლე ვადით.

„პროკრედიტ ბანკმა“ არჩილ ადუაშვილს სესხი 17 პროცენტად დაუმტკიცა. 8 პროცენტს მცირე ფერმერი გადაიხდის, 9 პროცენტს კი ბანკში „სოფლისა მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ გადარიცხავს. „აღებული სესხით სასუქი და საწვავი უნდა შევიძინო. ასევე მუშახელის ხელფასი დავფარო... პაპაჩემი და მამაჩემი თითქმის 20 წელზე მეტია საზამთროს მოყვანით არიან დაკავებულნი. 4 წელია, რაც დამოუკიდებლად დავიწყე საზამთროს მოყვანა. საქმეს დამოუკიდებლად ვმართავ, თუმცა საზამთროს მოყვანით ბავშვობიდან ვარ დაკავებული. 18 წლიდან ვთანამშრომლობ „პროკრედიტ ბანკთან“. სესხს ვიღებ და მოსავლის დაბინავების შემდეგ ვაბრუნებ. გასულ წელს 6.5 ჰექტარზე მქონდა საზამთრო გაშენებული... წელს 6-თვიანი სესხი ავიღე. 17 პროცენტში დამიმტკიცდა. 9 პროცენტს სააგენტო დაფარავს. 8 პროცენტს მე გადავიხდი. მნიშვნელოვანი თანხა დამეზოგება... რეალიზაციის პრობლემა არ მექნება. ჩემი კლიენტები მყავს. ადგილზე მოდიან და მიაქვთ პროდუქცია. მოსავლის 10 პროცენტის რეალიზება თბილისში ხდება, დანარჩენი ქუთაისსა და ბათუმში იყიდება,“ – გვითხრა მცირე ფერმერმა არჩილ ადუაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“ აფინანსებს, მისი გახორციელება კი, „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ დაეკისრა. სამკომპონენტიანი პროგრამის პირველი კომპონენტი მცირე ფერმერებზეა ორიენტირებული. მათ შეუძლიათ, 5000 ლარის ფარგლებში 6-თვიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მიიღონ. იმ შემთხვევაში, თუ კი ფერმერები კრედიტს 6 თვეში ვერ დაფარავენ, ყოველ მომდევნო თვეში მათ 3 პროცენტის გადახდა მოუწევთ.

უპროცენტო განვადებით სარგებლობისას, მაღაზია ფერმერს შესასყიდი პროდუქციის საფასურის ანგარიშს (ინვოისს) გამოუწერს, რომელსაც საფინანსო ინსტიტუტი აანაზღაურებს.

საფინანსო ინსტიტუტსა და მაღაზიას შორის მოლაპარაკების შედეგად, ფერმერს/მეწარმეს საშუალება ეძლევა, პროდუქციის წარმოების სრული ციკლის განმავლობაში, გამოიტანოს მაღაზიიდან მისთვის საჭირო საწარმოო საშუალებები, სათესლე და სარგავი მასალა, პესტიციდები, ვეტპრეპარატები, გარდა სასუქისა.

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ დირექტორი გიორგი ჩხეიძე აცხადებს, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მიმართ პოტენციურ ბენეფიციართა ინტერესი საკმაოდ მაღალია: „ბანკებს რამდენიმე ათასზე მეტი სასესხო განაცხადი აქვთ მიღებული, რომლებიც დამუშავების პროცესშია. ამასთან ერთად ბანკებში მისულია გაცილებით მეტი (ამის შესახებ ზუსტ მონაცემებს არ ვფლობთ) სესხის მიღების მსურველი, რომლებსაც პროექტის ფარგლებში დაფინანსებაზე უარი სხვადასხვა მიზეზით უთხრეს,“ – ამბობს გიორგი ჩხეიძე.

15 აპრილის მონაცემებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში უკვე დამტკიცებულია 258 სესხი. სამივე კომპონენტში ბანკების მიერ გაცემულია 1,294,500 აშშ დოლარი და 1,278,548 ლარი. „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ დირექტორის განცხადებით, პირველ კომპონენტში ბენეფიციართა მოთხოვნა ნაკლებია. ამის მიზეზად გიორგი ჩხეიძე სასოფლო სამეურნეო ბარათებით ანალოგიური საქონლის უფასოდ მიღების შესაძლებლობას ასახელებს; მე-2 და მე-3 კომპონენტში კი მოთხოვნა თანაბრად მაღალია.

ავტორი: პრესსამსახური

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა