|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სასოფლო თემების კიდევ უფრო გამსხვილება დაუძლეველი ამოცანა იქნება" (R)

საქართველოში თვითმართველობის ძირეული რეფორმა იწყება. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი უკვე პარლამენტშია წარდგენილი და სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზევე განიხილება.
ახალი კოდექსის მიხედვით, რეფორმის ნაწილის გახორციელება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა მოესწროს, დანარჩენი კი, რამდენიმე წელზეა გათვლილი და ეტაპობრივ ცვლილებებს ითვალისწინებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების ნაწილი, რეფორმის ნაკლზე და კანონპროექტში არსებულ იურიდიულ პრობლემებზე საუბრობს. 
"საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის" მხარდაჭერით, ამომრჩეველთა საინიციატოვო ჯგუფმა ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირა საქართველოს პარლამენტში და აგროვებს ხელმოწერებს მისი ინიცირებითვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 
სამთავრობო პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ თვითმმართველობის რეფორმის შედეგად გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და დღეს არსებულ ხუთ თვითმმართველ ქალაქთან ერთად, ეს სტატუსი დამატებით ცამეტ ქალაქს მიენიჭება. თვითმმართველი ქალაქების მიმდებარედ ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც მუნიციპალიტეტები ფორმირდება. თვითმმართველი ერთეულების - ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მმართველი რგოლები არჩევითი იქნება.
გუბერნატორის ინსტიტუტი უცვლელი რჩება, თუმცა, პარალელურად, შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრები და ეს ორგანო ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მხარის/რეგიონის დონეზე. 
როგორც რეფორმის ინიციატორები განმარტავენ, კოდექსით ასევე განსაზღვრულია სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა, რაც სოფლების მცხოვრებთა საჭიროებების გამოვლენას და მათ გადაწყვეტას ხელს შეუწყობს. 
"საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი დავით მელუა მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის პროექტთან მიმართებაში, მთელი რიგი იურიდიული პრობლემები არსებობს; მათ შორის, რამდენიმე პრინციპული საკითხია, რომლებიც ევროპულ ქარტიასთან წინააღმდეგობაში მოდის, თანაც, აუარესებს საქართველოში არსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის მდგომარეობას: 
- პირველი ასეთი საკითხი მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანება და ე.წ. გუბერნატორებია. გუბერნატორი საქართველოს მთავრობის მიერ ინიშნება, მას ემორჩილება და მთავრობის პოლიტიკას ახორციელებს; ის არ არის თვითმმართველობის ორგანო. როცა კოალიცია "ქართული ოცნება" მოვიდა, მის წინასაარჩევნო პროგრამაში ეწერა, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი გაუქმდებოდა; ახლა, გუბერნატორის ინსტიტუტი არა თუ უქმდება, შემოდის თვითმმართველობის კოდექსში და ენიჭება ფუნქცია თვითმმართველობასთან მიმართებაში. როგორ წარმოგიდგენიათ, თუ გუბერნატორი ამდენ ხანს, როცა კანონით ეს უფლებები არ ჰქონდა მინიჭებული მაინც პრობლემა იყო, კანონი რომ უფლებას მისცემს, რას გააკეთებს?! ყველა ის უკანონობა, რასაც ამდენ ხანს ჰქონდა ადგილი, ახლა კანონში იწერება. არ ვიცი, როგორ უნდა გაგიძლოს კაცს შუბლის ძარღვმა, რომ ეს დემოკრატიულ მიღწევად გაასაღო! კონსტიტუციაში გუბერნატორი, რა თქმა უნდა, ჩაწერილია, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ტერიტორიული ორგანო და არა როგორც თვითმმართველობის ხელმძღვანელი. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში გუბერნატორის შემოტანა იგივეა, მწნილის რეცეპტი ტელეფონების წიგნში რომ ჩაწერო. 
- თქვენ თვლით, რომ გუბერნატორის ინსტიტუტის თვითმმართველობის სისტემაში შემოტანით, ხელისუფლება მართვას და კონტროლს აძლიერებს?
- დიახ, ეს კოდექსი, ფაქტობრივად, არის ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობის კანონი, რითაც სახელმწიფო მმართველობა შემოდის ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში და ხდება არა დეცენტრალიზაცია, არამედ, ცენტრალიზაცია. თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული გუბერნატორი თვითმმართველობის კოორდინაციის ფუნქციას კანონიერად შეითავსებს, ასეთ შემთხვევაში, იქ თვითმმართველობა ყოველთვის დაჩაგრული იქნება. მით უმეტეს, რომ რაიონებს დაშლიან და წვრილი ერთეულები შეიქმნება, სადაც იქნება არჩეული მერი, რომელსაც ზემოდან, ადმინისტრაციული ვერტიკალის სახით, გუბერნატორი და საქართველოს მთავრობა ეყოლება. თუ ეს ასე არ არის, მაშინ გააგზავნოს შერგელაშვილმა და ნარმანიამ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაზე და რა დასკვნა მოვა იქედან, ვნახოთ. ვენეციის კომისიაში სამინისტროს ეს კანონპროექტი არ გაუგზავნია და როგორც ვიცი, არც აპირებენ გაგზავნას, რადგან ვენეციის კომისიას ეს კანონპროექტი ვერ გაივლის. 
- გუბერნატორის ინსტიტუტის გარდა, კიდევ რა პრობლემას ხედავთ ამ კანონპროექტში?
- თუ საქართველოში ვინმეს თვითმმართველობის განვითარება და საზოგადოებასთან ახლოს მიტანა უნდა, მაშინ თვითმმართველობა იმ ერთეულებს უნდა დაუბრუნოს, საიდანაც ის 2006 წელს წაიღეს - სოფელს, თემს და ქალაქს. ამ კანონპროექტით კი, მოსახლეობას შორის დისკრიმინაცია ხდება. მაგალითად, თუ ქალაქ ოზურგეთის მცხოვრებს უნდა ჰქონდეს თვითმმართველობა თავის დასახლებაში, სოფელ ძიმითის ან სოფელ ნაგომრის მცხოვრებს რატომ არ უნდა ჰქონდეს თვითმმართველობა თავის დასახლებაში?! 
კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ თვითმმართველობა ავტომატურად ენიჭება იმ ქალაქს, სადაც 15 ათასზე მეტი მცხოვრებია. წყალტუბოში 15 800 კაცი ცხოვრობს, ბორჯომში -14 550; 450 კაცი აკლია თვითმმართველობის სტატუსამდე და ამის გამო, საქართველოს მოქალაქეს ქალაქ ბორჯომში სხვა უფლებები აქვს და წყალტუბოში - სხვა? ან ოზურგეთში რომ 2014 წელს აღწერა ჩავატაროთ და არ აღმოჩნდეს 15 ათასი კაცი, წაართმევენ ქალაქს თვითმმართველ სტატუსს და სასოფლო თემში შეიყვანენ? 
მეორე საკითხი, მაგალითად, ოზურგეთის დაშლა; დღესაც შესაძლებელია, რომ ოზურგეთმა მიიღოს თვითმმართველობა, მაგრამ ამისთვის მოსახლეობის გამოკითხვა უნდა ჩატარდეს, სურთ თუ არა ამის გაკეთება. უნდა იყოს გათვლები, თუ როგორ შეეძლებათ დარჩენილ სასოფლო თემებს ოზურგეთის გარეშე არსებობა: ცენტრი სად იქნება, თავად ქალაქ ოზურგეთის ფინანსური მდგრადობა რა იქნება და ა.შ. მთავარია, ქალაქი თვითკმარი ურბანული ცენტრი იყოს და არა ტრაფარეტი. ამ კანონის გახორციელებით სირთულე უფრო მეტი იქნება. ქალაქი ოზურგეთი რომ გამოვა ცალკე, სად იქნება ოზურგეთის წყალმომარაგება? დღეს მისი წყალმომარაგების რეზერვუარი სოფელ გომშია. ელემენტარულად, პოლიკლინიკები, ბაზარი, თეატრები ყველა ეს ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტების დღევანდელ ადმინისტრაციულ ცენტრშია, ცალკე რომ გამოეყოფა თვითმმართველი ქალაქები, სად ექნებათ სასოფლო თემებს ეს ინფრასტრუქტურა? უმჯობესი ხომ არ იქნება, შეინარჩუნონ დღევანდელი მუნიციპალიტეტები, სადაც მასში გაერთიანებული სოფლების მოსახლეობას ექნება საშუალება მუნიციპალური ქალაქების სიკეთეებით ისარგებლოს. 
ახალი კოდექსი გულისხმობს რამდენიმე სასოფლო თემის კიდევ უფრო დიდ თემებად გაერთიანებას - მაშინ, სად იქნება ცენტრი?! სოფლის მოსახლეობას ახლა ჰგონია, რომ დაანონსებული რეფორმით თვითმმართველობა ექნება საკუთარ თემში (როგორც 2006 წლამდე იყო), რწმუნებულს თავად აირჩევენ და ა.შ. მათ არ ეუბნებიან, რომ მათი მოლოდინი ფუჭია - მთავრობა აპირებს რამდენიმე თემის გაერთიანებას (საშუალოდ, ერთ გაერთიანებაში 10 ათასამდე მოსახლე რომ იყოს) და ამ ეკლექტური გაერთინებისთვის თვითმმართველობის მინიჭებას. ეს ძალიან რთული თემაა და მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს. მომხრე ვარ დღეს არსებული სასოფლო თემების მოსახლეობას მივცეთ ის, რაც წაართვეს, საკუთარი ხელისუფლების ყოლის უფლება, რომელიც მათ პრობლემებს გადაჭრის. 
პირველ ეტაპზე, შეიძლება სასოფლო და საქალაქო თემების თვითმმართველობებში ბიუჯეტი არ იყოს, რადგან მოსახლეობა ვერ გადაიხდის მიწის გადასახადს, მაგრამ შეიძლება იყოს ხარჯთაღრიცხვა, მუნიციპალიტეტმა გამოუყოს სოფელს ფული და სოფლის პროგრამა გახორციელდეს; ეს თანხები მუნიციპალიტეტის მიერ დანიშნულმა რწმუნებულმა კი არა, თემის არჩეულმა საბჭომ უნდა განკარგოს. 
სხვა პრობლემებიც წარმოიქმნება; მაგალითისთვის დაბა ნასაკირალს და სოფელ ძიმითს მოგიყვანთ. ნასაკირალს ტყის მასივი არ აქვს, სოფელ ძიმითს - აქვს. თუ ძიმითის თემი დაბა ნასაკირალი შეუერთდება, ნასაკირალის მოსახლეობასაც ექნება უფლება ძიმითის ტყე გამოიყენოს. რა მოხდება ამ შემთხვევაში წარმოგიდგენიათ?! დღეს ძიმითის თემიდან ნასაკირალში საქონელი რომ გადადის საბალახოდ, ლამის პატარა სამხედრო კონფლიქტია... ან როგორ წარმოგიდგენიათ ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში რა მოხდება? ქვემო ქართლში ჩვენ გვაქვს 12-ათასიანი სოფელი მუღანლო და 2-ათასიანი სოფელი ლემშვენიერა. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ორის გაერთიანება ან მატნის და დუისის თემების გაერთიანება, იქ არჩევნების ჩატარება და ერთი მუნიციპალიტეტის შექმნა? ან რა სახელწოდებები ექნებათ ამ გაერთიანებებს? ამის ინსტიტუციონალიზაციას თუ აპირებს თენგიზ შერგელაშვილი, ეს უკვე მაქსიმუმ, საქართველოს დაშლაა, მინიმუმ კი - სერიოზული სამოქალაქო არეულობა. საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე, ამ კანონის მიღება დაუშვებელია! სოფლის მოსახლეობას უნდა უთხრან, რამდენიმე სასოფლო თემი უნდა გაერთიანდეს, რომ თვითმმართველობა რომ ჰქონდეს - ანუ, ფაქტობრივად, ახალი რაიონი უნდა შეიქმნას უფრო პატარა ტერიტორიით. მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ძიმითის თემში უკვე ემზადებიან და დიდი მოლოდინი აქვთ, რომ "საკუთარი" თვითმმართველობა ექნებათ, ძიმითის მოსახლეობამ უბრალოდ, არ იცის, რომ "საკუთარი" თვითმმართველობა დაბა ნასაკირალის, ნაგომრის და კიდევ რამდენიმე ტერიტორიულ ერთეულთან საერთო ექნებათ. როცა ამას გაიგებ, მერწმუნეთ, ამ გეგმას მხარს არ დაუჭერენ. შესაბამისად, აუცილებელია საზოგადოებამ ამ საკითხებზე წინასწარ იმსჯელოს, ალტერნატიული ვარიანტებიც განიხილოს და გადაწყვეტილება ისე მიიღონ.
ჩვენს ალტერნატიულ პროექტში გუბერნატორს თვითმმართველობასთან რაიმე კავშირში არ განვიხილავთ. ჩვენ მომხრე ვართ, მუნიციპალიტეტში ავირჩიოთ მერი და საკრებულო მაჟორიტარული წესით, ისე, რომ პარტიის წევრსაც შეეძლოს მონაწილეობის მიღება და საინიციატივო ჯგუფსაც, პატარა ქალაქში, თემში და სოფელში მოსახლეობამ უნდა აირჩიოს და თავისი დასახლების ცენტრში ჰყავდეს არჩეული წარმომადგენელი. საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს 3500-მდე სოფელია, რომელიც 998 თემშია გაერთიანებული; ანუ დაახლოებით 3-4 სოფელი ერთ თემშია გაერთიანებული და მეტი რაღა უნდა გაამსხვილონ?! დუშეთის მუნიციპალიტეტში 380 სოფელი 14 თემშია გაერთიანებული, ოზურგეთის რაიონის 210 სოფელი - 40 თემში. სასოფლო თემების კიდევ უფრო გამსხვილება დაუძლეველი ამოცანა იქნება და მოსახლეობა ამას არ მიიღებს 
- მაშინ რატომ დადგა რეფორმის ამ სახით გატარების აუცილებლობა?
- არ ვიცი ამას ხელისუფლება აკეთებს თუ ცალკეული ჯგუფი ხელისუფლებაში, თუმცა, ვხვდები, რა არის ამის გასაღები; დღეს საქართველოში საკრებულოებში 1720 ადგილია. თუ 2700 გახდება, ხომ უფრო გაიზრდება შანსი, რომ ცალკეული პარტიები (კოალიციის დაშლის შემთხვევაში) ამ საკრებულოებში მოხვდნენ?! ან სულაც კოალიციის ერთიან სიაში ხომ უფრო მეტი ადგილი რჩება სავაჭროდ? ჩემთვის პირადად, ეს ყველაფერი მეორადია, ჩემთვის მთავარია ადგილობრივი თვითმმართველობა ისე ისე მოეწყოს, როგორც მოსახლეობას უნდა და არა ისე, როგორც ხელისუფლებას ან ცალკეულ პარტიებს აძლევს ხელს. შემოთავაზებული სისტემა იმთავითვე მყიფე იქნება და არ იმუშავებს. ფრანგული ანდაზა ამბობს: კვერცხიდან გოგლი-მოგლის გაკეთებას ნებისმიერი შეძლებს, მაგრამ გოგლი-მოგლიდან კვერცხი არავის გაუკეთებია. ასე, რომ ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშორებით დიდი სიფრთხილეა საჭირო. 
მთავრობის დადგენილებაში არ წერია, რომ ეს პროექტი საბოლოო ჭეშმარიტებაა. დადგენილებაში წერია, რომ პროექტი ძირითადად მოწონებულია. ამიტომაც, საქართველოს პარლამენტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს თუნდაც ის შენიშვნები, რაც ამ კოდექსის მიმართ ეკონომიკის, იუსტიციის და შს სამინისტროებს ჰქონდათ. ვთვლით, ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტი უფრო მეტად პასუხობს ამ შენიშვნებს, ვიდრე ის, რაც თავად მთავრობამ დაამტკიცა. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ იჩქაროს სამთავრობო კანონპროექტის განხილვა, აცალოს ალტერნატიულ პროექტს ხელმოწერების შეგროვება და ერთად იმსჯელონ ორივე დოკუმენტზე. 


ავტორი: თამთა კაკაურიძე