|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კავშირი - პოლიტიკის, იდეოლოგიისა და ყურადღების მიღმა

„აღარ არის ისეთი ყურადღება, თუმცა თავისუფლება ახლა უფრო მეტია. არ გვთხოვენ რაღაცებს, ვიღაცის  განკარგულებებით რაიმეს გაკეთებას, მაგრამ არც ყურადღება არაა ისეთი“, - ამბობს საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე, მწერალი თეიმურაზ ლანჩავა.

პოსტ-საბჭოთა პერიოდმა მწერალთა კავშირის ცხოვრებას ბევრი (მეტნაკლებად ღირებული) დანაკარგი მოუტანა, თუმცა მთავარი შესძინა - თავისუფლება. კავშირს დღეს ნაკლებად აკისრია იდეოლოგიის რუპორის ფუნქცია, დიდად აღარც ცენზურის მაკრატელი ემუქრება (თუ მაინცადამაინც თვითცენზურა). თუმცა გააჩნია სხვა ტიპის „მაკრატელი“- ახალი დროება, თავისი ახალი მოთხოვნებით, რომელმაც ფუნქციასთან ერთად დაფინანსების წყაროებიც შეუმცირა მწერალთა გაერთიანებას და ბევრი პრობლემის წინაშე დააყენა.

„ბაზრის მოთხოვნა დღეს ბევრ რამეს განსაზღვრავს. ბევრი ავტორი ცდილობს აყვეს და სკანდალურ თემებს მიმართოს. თუმცა ყველაფერს მაინც ნიჭიერება დაარეგულირებს. რუსთაველის დროსაც იყო ბევრი სხვა მწერალი, თუმცა საუკუნეებს მარტო რუსთაველის სახელი და შემოქმედება შემორჩა“, - ამბობს თეიმურაზ ლანჩავა.

ნიჭიერების გამოვლენა შეუძლია კონკურსებს. მწერალთა კავშირის იმერეთის ორგანიზაციას დაწესებული აქვს ლადო ასათიანის, დავით კლდიაშვილისა და ნიკო ნიკოლაძის პრემიები, რომელბიც წესით ორ წელიწადში ერთხელ უნდა გაიცეს. „ახალგაზრდობა გვინდა წამოვწიოთ წინა პლანზე. ვიღაცამ ხომ უნდა შეუწყოს ხელი?! ჩვენ რაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია დავეხმარებით. ჩვენი ჟურნალი და გაზეთი მზადაა სამიანზეც რომ იყოს შესრულებული მხატვრული ნაწარმოები მაინც დავბეჭდოთ. აბა, ყოველთვიურად გენიალურს ვერავინ დაგიწერს“, - ამბობს თეიმურაზ ლანჩავა

 მწერალთა კავშირის იმერეთის წარმოამდგენლობას წელს 90 წელი უსრულდება. იგი 1922 წელს დააარსეს ნიკო ლორთქიფანიძემ, ვასო გორგაძემ, სანდრო ცირეკიძემ და სხვებმა. ამ ხნის მანძილზე რამოდენიმე თავმჯდომარე გამოიცვალა და ბევრი წევრი შეიძინა. დღეს 22 წევრს და ორიოდ თანამშრომელს ითვლის. მის ანგარიშზეა ორი გამოცემა: ჟურნალი „განთიადი“ და გაზეთი „უქიმერიონი“. აღნიშნული გამოცემები მთლიანად ადგილობრივი ხელისუფლებიდან ფინანსდება. სხვა ტექნიკური და სამეურნეო საკითხების მოგვარება კავშირს საკუთარი შემოსავლებით უწევს, თუმცა ესეც ნაკლები რაოდენობით გააჩნია. ერთ-ერთ მიზეზად კავშირის შენობის სიძველეც სახელდება.

„დაძველებული შენობაა, სველი წერტილები არ უვარგა. თითო-ოროლა მდგმური გვყავს, ამით კომუნალურ გადასახადებს ვიხდით და მიზერულ ხეფასს ვაძლევთ სამ-ოთხ თანამშრომელს“, - ამბობს კავშირის იმერეთის  ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ადრე კავშირის შესაძლებლობები მეტ მასშტაბებს მოიცავდა. გარდა იდეოლოგიური და ლიტერატურული ამინდისა, რასაც მწერალთა კავშირები ზოგადად ქმნიდნენ, ქუთაისში კავშირის ბაზაზე ლიტერატურული თეატრიც ფუნქციონირებდა. „რამოდენიმე წელს იფუნქციონირა, სახელმოხვეჭილი მსახიობები მოვიწვიეთ თეატრიდან, დაიდგა კარგი სპექტაკლებიც, მაგრამ ფინანსების უქონლობის გამო ვერ შევინარჩუნეთ“, - აღნიშნავს თეიმურაზ ლანჩვა.

მწერლებს მკითხველების და წიგნის მყიდველების შენარჩუნებაც უჭირთ, ამის მიზეზს თეიმურაზ ლანჩავა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებში ხედავს. „წიგნის მკითხველი საკმაოდ არის, მაგრამ ვერ ყიდულობენ.  წიგნი ზოგადად ძვირია, ფული არ არის მათ შესაძენად“, - ამბობს იგი.

ფულთან ერთად არ არის ის ფუნქცია, რაც მწერალთა კავშირს პოლიტიკურ თუ ლიტერატურულ პროცესებზე გავლენის შესაძლებლობას მისცემდა. ამ ფუნქციის დაკარგვამ, კავშირი სხვა, უფრო ზუსტად, თავის რეალურ ფუნქციასთან დააბრუნა.  „პოლიტიკაში არ ვერევით და არც არავინ გვთხოვს ამის გაკეთებას. თავისთავად ჩვენს შემოქმედებაში ჩანს ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი დამოკიდებულება. რატომ არ ჩანხარო, მეკითხებიან. ვჩანვარ, მაგრამ ჩემს შემოქმედებაში. ხმლით მწერალი რატომ უნდა იდგეს?! ჩემი ხმალი ჩემი კალამია. გადაშალეთ ჩემი წიგნები და გაიგებთ რას ვაზროვნებ, რა მიხარია  და რა მწყინს. ამით უნდა შეაფასონ მწერლის შემოქმედება“, - მიაჩნია თეიმურაზ ლანჩავას.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი