|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თაღლითობის მსხვერპლ მოხუცს სახლიდან ასახლებენ (ვიდეო)

ქუთაისში, ლესელიძის #100-ში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ 79 წლის სულიკო ალავიძეს სახლიდან ასახლებენ. როგორც ალავიძე "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს,  ის თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდა.  ალავიძის სახლი რამდენიმე წლის წინ ოჯახის ახლობელმა, ამირან გურგუჩიანმა ბანკში ჩადო, რის შემდეგაც თანხა არ გადაიხადა და ბანკმა სახლი გაუყიდა. მომხდარის გამო სულიკო ალავიძეს ქუჩაში დარჩენა ემუქრება.  როგორც თავად ამბობს, ის წინააღმდეგი იყო გურგუჩიანისთვის  ბანკში სახლი ჩაედო, თუმცა მისი შვილის თხოვნით  დათანხმდა. მომხდარიდან რამდენიმე თვეში, მის შვილს ვირუსი შეეყარა და გარდაიცვალა.

"ასე მეუბნებოდა, დედა, ნუ გეშინია, მე აქ არ ვარ, ამ თანხას გავასტუმრებინებო. მას შემდეგ ავადმყოფობა შეეყარა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. 4 წელია მიმდინარეობს პროცესი, 2-ჯერ გაიყიდა ჩემი სახლი, მე ავადმყოფმა ქალმა რამდენი ბრძოლა გადავიტანე. არავის დავუთმობ ამ სახლს, ჩემი შვილის ნივთებს, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ხელუხლებელია. მე მხოლოდ ეს დამრჩა, ამით მიდგას სული",- განაცხადა სულიკო ლესელიძემ.

"2012 წლიდან მიმდინარეობს საქმე. ამავე წლის ზაფხულშივე ჩავერთე საქმის ვითარებაში. რამდენიმე თვეში მოვიდა შეტყობინება, რომ სახლი არის გაყიდული. 3-ვე ინსტანციის  სასამართლომ დაადასტურა,  ვინაიდან  ბანკის თანხიდან გამოტანა დაფიქსირებულია მესამე პირზე, ამიტომ ბრალეულობა  მესამე პირზე გამოიკვეთა. ამ ქალბატონის გამოსახლება არის ყოვლად დაუშვებელი. სულიკო ალავიძის  ინტერესი უნდა იყოს დაცული",- აღნიშნა ალავიძის ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ.

 მოხუცებული უსინათლოა და ჯანმრთელობის პრობლები აქვს, ბინის  ახალი მფლობელები კი მის დაუყონებლივ გამოსახლებას მოითხოვენ.

"4 წელია, ვცდილობთ გავუგოთ  და ვიტანთ ამ სიტუაციას. ჩვენ, ამ სახლში 68 ათასი გადავიხადეთ და ჩვენიც ხომ უნდა გაიგონ. იქნებ ჩვენ უარესი პრობლემების წინაშე ვიმყოფებით?",- აღნიშნა ბინის ახალმა მესაკუთრემ, სოფო მსხვილიძემ.

მეზობლების განცხადებით, ისინი მხარში ამოუდგებიან მოხუცებულს, რადგან ის არის უსამართლობის და თაღლითების მსხვერპლი.

"ჩვენ ყველანაირად ამოვუდგებით მხარში სულიკო ალავიძეს. გამწარებულ, 4 შვილის მგლოვიარე დედას, რომელიც თაღლითობის და უსამართლობის მსხვერპლი აღმოჩნდა. რატომ ყიდულობდნენ  აუქციონზე გაუბედურებული მოხუცის სახლს, ან როგორ უნდა იცხოვრონ შიგნით. ან რა სახელმწიფოში ვხოვრობთ, ვის არ მიმართა, პრეზიდენტიდან დაწყებული, მაგრამ არავის აინტერესებს ხალხი.  სად ვცხოვრობთ, როგორ უნდა მიყვარდეს ის ქვეყანა, სადაც თაღლითობის მსხვერპლ მოხუცებულს სახლიდან ასახლებენ?",- აღნიშნა ბელა ჭელიძემ.

 მოხუცებულის გამოსახლება რამდენიმე დღით, ჯანმრთელობის გაუარესობის გამო  გადაიდო.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა