|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკანონოდ გასხვისებული სკვერი დავის მიზეზი ხდება

ქუთაისში ბუხაიძის #18–ში მცხოვრები მოსახლეობის პროტესტი კვლავ გრძელდება. ადგილობრივები კორპუსის სიახლოვეს მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ. როგორც ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები განმარტავენ, მიწის ნაკვეთი წლების წინ სკვერს წარმოადგენდა, თუმცა უკანონოდ  გასხვისდა,  ახალი მფლობელი კი აქ მრავალსართულიანი შენობის აშენებას გეგმავს. მოსახლოება ამბობს, რომ შენობის გამო ისინი ეზოს დაკარგავენ და მათი ბინები დაბნელდება.

ადგილობრივებმა პრობლემის მოსაგვარებლად არაერთხელ გამართეს აქცია, თუმცა, როგორც გაირკვა, წუხელ მიწის ნაკვეთის მფლობელებმა ტერიტორიას მესერი შემოავლეს და ადგილი სამუშაოებისათვის მოამზადეს. ამის გამო მოსახლოებამ დღეს მორიგი აქცია გამართა.  ისინი  აღნიშნული მშენებლობის წინაარმდეგ სარჩელის შეტანას  სასამართლოში აპირებენ. 

ადგილობრივებს საკითხის შესწავლაში აქტიურად ეხმარება უბნის  მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე, რომელმაც საქმის შესწავლის მიზნით, უკვე მიმართა პროკურატურას და მოსახლოების მიერ შეგროვებული ხელმოწერებიც წარადგინა.

როგორც ნატო ქათამაძე "ნიუპრესთან" საუბარში განმარტავს, მიწის ნაკვეთი 2008 წელს 3066 ლარად გასხვისდა. იქამდე კი ობიექტს სტატუსი შეეცვალა და სკვერის ნაცვლად სასოფლო–სამეურნეო მიწინ ნაკვეთი ეწოდა, რომ მისი გაყიდვა მარტივად მომხდარიყო. მფლობელი კი თეიმურაზ ჭოხონელიძე გახდა, რომელიც ერთ–ერთი პროკურორის მძღოლი აღმოჩნდა.

"ვინაიდან მფლობელი არ იყო ეკონომიურად შეძლებული, ჩნდებოდა ეჭვი, რომ ამ ფაქტის უკან იმალებოდა პროკურორი, ეჭვი კიდევ იმით გამყარდა, რომ 2013  დაფუძნდა ამხანაგობა "ერთობა", რომელიც სამი წევრისგან შედგებოდა: სოფიო და ნარგიზა ბობოხიძეები და ვინმე ბიბიჩაძე. რომელიც ერთ–ერთი პროკურორის სიმამრი  აღმოჩნდა. მე, შევაგროვე ყველა საბუთი და აღმოჩნდა, რომ ბევრი უზუსტობა იყო, ამიტომ ყველა ეს დოკუმენტი დღეს ჩემი ხელით ჩავიტანე პროკურატურაში, ასვე მაქვს ინფორმაცია, რომ მოსახლეობა აპირებს სასამართლოს მიმართოს",–განაცხადა ქათამაძემ.

მისივე განცხადებით, მან სცადა ამხანაგობის ერთ–ერთ წარმომადგენელს, ნარგიზა ბობოხიძეს შეხვედროდა, მაგრამ ის კონტაქტზე არ გამოსულა. მხოლოდ დღეს შედგა მოლაპარაკება და  შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ქათამაძე ასევე აცხადებს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ინფორმაციის მიღება ადგილობრივი თვითმმართველობისაგან შეეცადა, თუმცა მისივე თქმით, მერმა მასთან შესახვედრად დრო ვერ გამონახა, ვიცე–მერმა კი აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხთან შემხებლობა არ აქვს, თუმცა 2015 წლის 8 ივნიისს გაცემული ნებართვის საკითხზე კონტროლი სწორედ ნოდარ მიქიაშვილს ევალება. 

      

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა