|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უნებართვო ნაგავსაყრელი ქუთაისი–წყალტუბოს გზაზე [PHOTO]

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე უნებართვო ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს. სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სისტემატურად ხდება ნარჩენების დაყრა, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს. 

აღნიშნულ ტერიტორიაზე იყრება სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები. როგორც "ნიუპრესს" მარიამ ჯიშკარიანმა განუცადა, რამდენიმე თვეა ხდება ტერიტორიის დანაგვიანება.

"წყალტუბო–ქუთაისის გზაზე, სასაფლაოს წინ, საშინელი მდგომარეობაა. დასახლებულ ადგილთან ძალიან ახლოს ხდება სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენებით ტერიტორიის დანაგვიანება. ეზოებთან გვიყრიან ნაგავს, იქნებ ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება. ეს უკვე ამაზრზენია, ყოველდღე ემატება და ემატება ნაგავი",–განაცხადა ჯიშკარიანმა. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები წყალტუბოს ტურისტულ განვითარებას ხელს ნამდვილად არ უწყობს.

 

 

წყალტუბოს მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ლევან ჩაკვეტაძის განმარტებით, აღნიშნული საკითხი შესწავლია.

"ეს ტერიტორიები არის კერძო საკუთრება, წყალტუბოს პოლიციის სამმართველოშია საქმეც არის აღძრული -  უნერბართვოდ სხვის ტერიტორიაზე ნაგვის დაყრასთან დაკავშირებით, დაკავებულია კიდეც ერთი მანქანა.

ჩვენ კერძო საკუთრებაში ჩარევის უფლება არ გვაქვს, მაგრამ ვინაიდან ტერიტორია ტრასის მიმდებარეა, მოვიწვიეთ ყველა მიწის მესაკუთრე და მათ დაევალათ საკუთარ ტერიტორიაზე უნებართვოდ ნაგვის დაყრის კონტროლი.

მივმართავთ მოსახლეობას, თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, მოგვწერონ და ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ლევან ჩაკვეტაძემ.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი