|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვენეციის კომისიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკული შენიშვნები და მოსაზრებები გაიზიარა

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკული შენიშვნები და მოსაზრებები გაიზიარა. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პოზიცია საგანგებო ბრიფინგზე მედიას გუშინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ლევან ბოძაშვილმა გააცნო. ბოძაშვილის თქმით, ვენეციის კომისიამ უპრეცედენტოდ შემჭიდროვებულ ვადებში წინასწარი დასკვნა მოამზადა.

„ვენეციის კომისიამ გაიზიარა პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე კრიტიკული მოსაზრება. პირველ რიგში ეს შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კონსტიტუციური ათწლიანი ვადის დაცვას როგორც ვადის გასვლის შემდეგ, ასევე ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე. აღნიშნულ საკითხზე ვენეციის კომისიას აქვს საკმაოდ კრიტიკული შენიშვნა და მიაჩნია, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან ამოღებული უნდა იყოს. ვენეციის კომისიას ასევე კრიტიკული დამოკიდებულება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების მაღალ კვორუმთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, კვორუმი უნდა იყოს 6 მოსამართლეზე ნაკლები. ვენეციის კომისიის კრიტიკული შენიშვნები გამოიწვია ნორმამ, რომლის მიხედვით ერთ მოსამართლეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, საქმე განსახილველად პლენუმს გადასცეს“, - განმარტა ლევან ბოძაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში არის საკითხები, რაზეც პრეზიდენტს თავიდანვე დადებითი მოსაზრებები ჰქონდა. ამ კონტექსტში ბოძაშვილმა ყურადღება იმ ნორმის შეცვლაზე გაამახვილა, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანიდიდატი პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უნდა შეერჩიათ. ბოძაშვილმა ასევე დადებით კონტექსტში ისაუბრა ცვლილებებზე, რომელიც სასამართლო წარმოებაში ელექტრონული სისტემის შემოღებას და მოსამართლეთა გამწესების საკითხებს ეხება.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტზე ვეტოს გამოყენება, ბოძაშვილმა აღნიშნა, რომ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და თავად ისაუბრებს, თუ ვეტოს შესახებ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
წყარო:ipn.ge

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა