|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვისაც არ ძალუძს სუფთა ხელებით იმუშაოს, მისი ადგილი ჩვენს ხელისუფლებაში არაა"

ბაღდათის გამგებლის დაკავების ფაქტს იმერეთის ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი აფასებს.  როგორც მან "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, მომხდარი არის კარგი მაგალითი მათთვის, ვისაც სუფთა ხელებით საქმიანობა არ შეუძლია.

"რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტი მოხდა. იშვიათი სიტუაციაა, რომელიც ნამდვილად არასასიამოვნოა.  მიუხედავად იმისა, რომ იყო აქტიური თანამშრომლობა ბაღდათის მუნიციპალიტეტთან, მოხდა მსგავსი ფაქტი. ამიტომ საჯარო მოხელეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ და მეტი ყურადღება მიაქციონ საქმიანობას. მათ არ ეკადრებათ მსგავსი გადაცდომები. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს. ეს იქნება სახელმწიფო ჩინოვნიკისთვის კარგი გაკვეთილი.  ვისაც არ ძალუძს სუფთა ხელებით და სუფთა გულით იმუშაოს, მათი ადგილი ჩვენს ხელისუფლებაში არაა. მწუხარებას გამოვთქვამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამო, მაგრამ მოხდება ამ სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა და  მეტი მონდომებით გაგრძელდება და დასრულდება ყველა პროექტი.

ამის  განზოგადება არ შეიძლება, ეს არის ერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც შეძლო ხელისუფლებამ გამოეაშკარავებინა და სათანადო პასუხი გაეცა და ეჩვენებინა მოსახელობისათვის, რომ  ჩვენს გვერდით ასეთი ადამიანების ადგილი არ არის და პასუხს გავცემთ ყველას, ვინც არ ითანამშრომლებს სათანადოდ", – განაცხადა ხახალეიშვილმა.

მისივე თქმით, გუბერნიაში არ ჰქონდათ წინასწარ ინფორმაცია და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს მიუმართავთ მათთვის  ბაღდათში არსებული გადაცდომების შესახებ.

"არასამთავრობობებმა რა გააჟღერეს, არ ვიცით.  ჩვენთვის არავის მოუმართავს, რომ ბაღდათში რაღაც პრობლემებია და მიხედოთო. ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ შესაბამის უწყებებს. ვინაიდან მსგავსი საქმეების ერთ დღეში გადაწყვეტა არ ხდება, მიმდინარეობდა მოკლვლევა"–განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ მეტად მოხდება მუნიციპალიტეტების საამიანობის მონიტორინგი. 

"ჩვენი მხრიდან ჩართულობა საკმაოდ იყო მონიტორინგი ხდებოდა მუნიციპალიტეტების საქმიანობის, ალბათ რაღაც დეტალი დაიფარა, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი შეცდომა, რადგან შესყიდვებზეა საუბარი და შესყიდვები ცენტრალური სისტემის მიერ კონტროლდება, ჩვენ ამაზე წვდომა არ გავქვს, თუმცა ამის შემდეგ დამატებითი ნაბიჯები გადადგმული იქნება თითოეული სატენდერო დოკუმენტის ანალიზის და შესწავლის მხრივ. ამ საკითხზე მალე ვიმსჯელებთ მუნიციპალიტეტებთან უხლოეს მომავალში დაგეგმილ შეხვედრებზე"–აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.

შეგახსენებთ, ბაღდათის გამგებელს ბრალი ოფიციალურად  დღეს წაუყენეს. ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს. ირაკლი გეგეშიძეს გამოძიება 227 654,80 ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა