|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წინასაარჩევნო კამპანია, თუ ეკონომიების მიზნობრივი ხარჯვა?

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები დაპირისპირების მიზეზი გახდა.

საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ქათამაძემ, ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს საარჩევნო კამპანიის ნაწილი უწოდა. მისი განცხადებით, მერია მიზანმიმართულად ახორციელებს ცვლილებებს, რომ წინასაარჩევნოდ, ადმინისტრაციული რესურსის კანონის ფარგლებში გამოიყენება შეძლონ.

"სამწუხაროა, რომ ქალაქს ყავს ისეთი მერი, როგორიც შოთა მურღულიაა, რომელიც ყველა კითხვას იღებს პირად შეურაცხყოფად, არ იცის, რომ ვალდებულია უპასუხოს, თუნდაც არაკომპეტენტურ კითხვას, მაგრამ არაა ჩემი კითხვები არაკომპეტენტური, უბრალოდ, მათ არ აქვთ პასუხი. მოსახლეობამ უნდა დაინახოს, როგორ ვიცავ მათ უფლებებს და რას ამბობს ამაზე ქალაქის მერი. თუნდაც თავისუფლების ქუჩის მოსახლეობას მერია დაპირდა, რომ გზას მოუწესრიგებდა, მაგრამ არაფერია ცვლილება. სადარბაზოების კეთილმოწყობასთან დაკავშირებითაც, გაუგებარია რა იგულისხმება შეკეთებაში, რომელიც ჩადეს საარჩევნოდ, ასევე შემცირდა საბავშვო ბაღების რეკონსტრუქციის თანხა, მაშინ, როდესაც ბაღების რაოდენობის მხრივ პრობლემაა. ასევე არის სხვა საკითხები და როდესაც ასეთ კითხვებს ვსვამ, მერმა უნდა უპასუხოს ამ კითხვებს, თუმცა მათ არ აქვთ პასუხები, რადგან ეს ცვლილება არის საარჩევნო, რომელიც ბიუჯეტში კანონიერად გაატარეს", -განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ცვლილებებს არჩევნებს უკავშირებს საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია უკლება, რომლის თქმითაც, ხელისუფლების დროს არცერთი პროექტი არ დასრულებულა.

"დღევანდელი სხდომა ამის დასტურია, რომ ხელისუფლება გაკოტრებულია, ქუთაისში ერთი პროექტიც ვერ მიიყვანეს ბოლომდე, ეხლა შემოტანეს საბიუჯეტო ცვლილებები საკრებულოში და რაც არის დასტური, რომ ეს არაფრის მაქნისი ხალხია და ამას გამოიყენებენ ამომრჩევლის მოსასყიდლად. ეს არის საარჩევნო ცვლილება, რაც არანაირად არ არის მოსახეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა", -განაცხადა გია უკლებამ, რომელმაც "ქართულ ოცნებას" "გლახაკი და გაკოტრებული ხელისუფლება" უწოდა.

ოპონენტების შენიშვნებს არ იზიარებს ქალაქის მერი, რომელსაც კითხვები მისი მოპასუხეების მიმართ აქვს. მერის განცხადებით, ყველა პროგრამა წლების განმავლობაში ტარდებოდა და მისთვის გაუგებარია, მხოლოდ წელს რატომ ითვლება წინასაარჩევნო პიარად. 

"ბაღებს არ მოკლებია თანხა, სატენდერო ვაჭრობით განხორცირელდა ეკონომია და განადაწილდა სხვა პროგრამაზე.  ოთხ ბაღზე ხორციელდება მიშენება და რაც გვქონდა დაგეგმილი, იმას ვაკეთებთ, ამ ეკონომიებს ვახორციელებთ სხვადასხვა პროგრამებზე. მისამართი, რომელზეც ნატო ქათამაძე ამბობს,  არის მისი სადარბაზო, მას სურდა ძალიან ძვირადღირებული რემონტი ჩაეტარებინა სადარბაზოში, რისი შესაძლებლობაც არ გავქვს, ამას მოყვა მაგის უკმაყოფილება.  ჩვენ ვახორციელებთ სადარბაზოს მოწყობას და კარის მონტაჟს.

22 აგვისტოს შეწყდება ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა,  ამიტომ სავარაუდო ცვლილებები, რაც შეიძლებოდა შეტანილიყო ბიუჯეტში, ის განვახრციელთ, რომ მერე კანონი არ დავარღვიოთ. გარეგანათება,  პროგრამა "კორპუსი" და და შადრევნების რეაბილიტაცია, ვერაფრით იქნება საარჩევნო პიარი და ამასთან დაკავშირებით არგუმენტიც არ აქვთ", -განაცხადა შოთა მურღულიამ. 

ქუთაისის საკრებულომ მხარი დაუჭირა ბიუჯეტის მორიგ ზრდას. მერიის მიერ წარდგენილი ცვლილებით, ბიუჯეტი 1 670 000 ლარით გაიზარდა  და 67 812 200 ლარი გახდა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი