|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წინასაარჩევნო გარემო და ოპოზიციური პარტიების ბრალდებები ქუთაისში

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდი თითქმის სრულდება. საარჩევნო კამპანიამ ქუთაისში მეტნაკლებად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნების“  მიმართ არაერთ ბრალდებას გამოთქვამენ.

ბრალდებები წინა არჩევნების იდენტურია და ძირითადად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომელთა მობილიზებას და საოლქო კომისიებში მმართველი გუნდის ჩარევით კადრების დანიშვნას შეეხება.

პარტიულ შეხვედრებზე  ბაღების გაერთიანების თანამშრომელთა მობილიზებაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს” ქუთაისის შტაბის ხელმძღვანელი- გია თევდორაძე. თევდორაძის განცხადებით, ბაღების გამგეებსა და თანამშრომლებს  “ქართული ოცნების” ყველა შეხვედრაზე მისვლას აიძულებენ.

„ჩვენთვის ცნობილია ფაქტები, თუ როგორ იყენებს “ქართული ოცნება” ადმინისტრაციულ რესურსს, ასევე “ქართული ოცნების” შტაბში ხდება ერთჯერადი მატერიალური დახმარებების გაცემა, მედიკამენტოზური, სამედიცინო  ყველა იმ ბენეფიტების განაწილება, რომელიც ბიუჯეტით არის განსაზღვრული. “ოცნების” კოორდინატორები სიებს ადგენენ და მოქალაქეებს ჰპირდებიან, რომ მათი მხარდაჭერის შემთხევაში, დახმარებას მიიღებენ“,-განაცხადა გია თევდორაძემ.

არათანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბრობს საარჩევნო ბლოკის “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი -გოგი წულაია. მისი განცხადებით, არათანაბარია ფულადი რესურსი, ასევე, გამოყენებულია ადმინისტრაციული რესურსი და ხდება მძღოლებზე ზეწოლა, რათა განათავსონ „სამარშუტო ტაქსზე “ქართული ოცნების” პლაკატები.

„არათანაბარია ფულადი რესურსები, ასევე გამოყენებულია ადმინისტრაციული რესურსი, საარჩევნოდ მიმდინარეობს მძღოლების დაშინება და სამარშუტო ტაქსებზე პლაკატების გაკვრა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე ამ ქალაქში არვინ მიცნობს, ძალიან შემცდარა. დააკვირდით და ნახავთ, რომ  ყველა მიკროავტობუსზე გამოკრულია მხოლოდ ჭიღვარიას და მათივე კანდიდატების პლაკატები, არსად არაა ჩემი, იმიტომ კი არა, რომ არავის ვიცნობ და არ შემიძლია ვთხოვო, არამედ მიდის ზეწოლა მძღოლებზე”-განაცხადა გოგი წულაიამ.

ამომრჩეველთა ქუჩაში გამოსვლაზე საუბრობს “ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი სამსონ გუგავა, რომლის განცხადებით,  მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობაა.

“მთავარი დარღვევა ის არის, რომ ამ ქვეყანას მართვას ოლიგარქი, რომელმაც უზურპირება მოახდინა ხელისუფლების, წინასაარჩევნო გარემო, რომელიც უნდა იყოს თანაბარი ყველა პარტიისთვის, დარღვეულია და ამით მთავრობა მიდის იქეთკენ, რომ საზოგადოება თავის დამოკიდებულებას გამოხატავს არჩევნების მერე და გამოვა ქუჩაში”-განაცხადა სამსონ გუგავამ.

არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ  სხვა პარტიებიც. “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის წარმომადგენლის გიგა შუშანიას თქმით, საუბნო კომისიები “ქართული ოცნების” მიერ დაკომპლექტდა.

“წინასაარჩევნო გარემო “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო ადმინისტრაციული რესურსის სრული მობილიზებით. მერიის, ააიპი-ების და ბაღების თანამშრომლებს დაავალეს ხმების მიტანა, დაყავთ ეს ადამიანები შეხვედრებზე. რაც შეეხება დარღვევას, მთავარი დარღვევაა საოლქო კომისიის მიერ 6 წევრის დანიშვნა. მათ კანონი ავალდებულებდა დაენიშნათ წევრები შიდაკონკურენტულ გარემოში, თუმცა  მათ ყველა წევრად მმართველი გუნდის აქტივისტები დანიშნეს”-განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების სანაცვლოდ, მოქალაქეებისთვის ხმების მოთხოვნებზე საუბრობს , “ვაშაძე-ერთობა-ახალი საქართველოს”  მერობის კანდიდატი- ზვიად  ბაღდავაძე. მისი განცხადებით, “ქართული ოცნება” ძნელაძის ქუჩის მოსახლეობას გზის საფარის დაგებას მხოლოდ არჩევნების შემდეგ განახორციელებს.

წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებენ “ქართული ოცნების” ქუთაისის შტაბში.

“ოპონენტი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადება ამომრჩევლების მოსყიდვასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო ბრალდება და წინასაარჩევნოდ მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჩვენი მხრიდან არ ხდება საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის დარღვევა, რომელიც იმავდროულად სისხლის სამართლის დანაშაულია. „ქართული ოცნება” არ არის უფლებამოსილი, გასცეს ერთჯერადი მატერიალური დახმარებები, ჩვენ კანონს არ ვარღვევთ. რაც შეეხება შეხვედრებს, ყველა სფეროში მოღვაწე ქუთაისელებს ვხვდებით და ჩვენს საარჩევნო პროგრამას ვაცნობთ, მათ შორის იყვნენ ბაგა-ბაღების პედაგოგები, რაზეც ჩვენი ოპონენტები აპელირებენ. შეხვედრა, ძირითადად, დასვენების დღეებში და სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ხდება, რაც კანონდარღვევას არ წარმოადგენს.

ოპონენტი პარტიის წარმომადგენლებს შევახსენებთ, რომ სწორედ, მათი პარტიის მმართველობისას ხდებოდა შეხვედრებზე საჯარო მოხელეების ძალდატანებით მიყვანა და სიებით აღრიცხვა. სწორედ, ამიტომ ჰგონიათ, რომ მმართველი გუნდი ახლაც მსგავსი მეთოდებით მოქმედებს, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით. ,,ქართული ოცნება” არის ძალა, რომელმაც ოთხი არჩევნები ქვეყანაში გამორჩეულად დემოკრატიულ გარემოში ჩაატარა, რასაც კვალიფიციური საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ,” – განაცხადა ,,ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის იურისტმა გოჩა ავალიანმა.

 

 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა