|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლა 62 დასაქმებულის მიმართ განხორციელდა - სახალხო დამცველი

წინასაარჩევნო პერიოდში 62 დასაქმებულის მიმართ სხვადასხვა სახის ზეწოლა განხორციელდა, - ამის შესახებ სახალხო9 დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებაშია ბათქვამი.

 ომბუდსმენის ინფორმაციით, ამ პირთა უმეტესობამ ზეწოლის და გათავისუფლების მიზეზად ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა.

ომბუდსმენი მიუთითებს იმასაც, რომ რამდენიმე მათგანმა, ზეწოლის ფაქტის დადასტურების მიუხედავად, თავი შეიკავა და არ გამოთქვა თანხმობა სახალხო დამცველის აპარატს შეესწავლა მისი საქმე.

სახალხო დამცველის განცხადებით, დაუშვებელია ადამიანთა დევნა მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მოსაზრებების გამო, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლება. 

"დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან.

მოქალაქეები ადასტურებენ, რომ ზემდგომი პირები მათ სთხოვდნენ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას, რასაც ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი არა, რის შემდგომაც ისინი სხვა საფუძვლებით გაათავისუფლეს. ზოგიერთის წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური წარმოება", - წერს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის ნიშნები. ამაზე სახალხო დამცველმა 31 აგვისტოს 34 პირთან დაკავშირებული საქმეები საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს - პოლიტიკური შეხედულებების გამო, არ გაათავისუფლონ ანდა არ გასცენ მითითებები თანამშრომელთა გათავისუფლების თაობაზე. 

ასევე მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს - დროულად გამოიკვლიონ სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილში მითითებულ პირთა მიმართ შესაძლო დევნის საკითხი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

ავტორი: ნიუპრესი