|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამინისტროების რაოდენობა 14-მდე შემცირდა

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები, რომლის ფარგლებშიც  სამინისტროების გაუქმებასა და სხვა უწყებასთან გაერთიანებაზეა საუბარი, საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე ვერ განხორციელდება. ამასთან, მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებები მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის პარლამენტის მიერ ნდობის ხელახლა გამოცხადებას იწვევს.

დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება. 4 უწყება – ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა უწყებებს უერთდება.

უფრო კონკრეტულად კი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი;

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო აღნიშნული უწყების სპორტის კომპონენტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება;

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

როგორც პრემიერმა კვირიკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, უქმდება ენერგეტიკის სამინისტრო და ის ეკონომიკის სამინისტროს უერთდება. ამავე უწყებას შეერწყმება გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. გაერთიანებულ უწყებას დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს დანარჩენ ნაწილს, ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაექვემდებარება.

თანამდებობას ტოვებს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელსაც გიორგი გახარია შეცვლის. ერთ უწყებად ერთიანდება კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროების სპორტის ნაწილი, რომელსაც მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება ახალგაზრდულ საქმეთა ნაწილს, ის განათლების სამინისტროში გადავა.

თანამდებობა დატოვა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელსაც თსუ-ს პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი ცვლის.

გარდა ამისა, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უქმდება და აღნიშნული მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება.

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა მთავრობა პარლამენტს ნდობის მისაღებად 1 კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა