|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

24 მარტიდან, საქართველოს მასშტაბით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 მარტს, 00:00 საათიდან, საქართველოს მასშტაბით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომანქანებსა და შიდა საქალაქო ტრანსპორტზე.

ასევე, 24 მარტს 00:00 საათიდან იკრძალება საქალაქთაშორისო სამგზავრო მატარებლების მოძრაობა. შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო შემადგენლობებს.

აღნიშნული გადაწყვეტილებები მთავრობამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სხდომაზე განიხილეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, საკარანტინო რეჟიმის აღსრულების პროცესი. 

ამ დროის მონაცემებით,  ინფიცირებული 54 პაციენტიდან 8 უკვე გამოჯანმრთელდა და სპეციალისტები უახლოეს საათებში უარყოფით პასუხს დამატებით კიდევ 3 პაციენტის ტესტზე ელოდებიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ინფიცირებულ პაციენტთა უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შედარებით მძიმეა 3 პაციენტი, ხოლო ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 236 პირი.

ავტორი: ნიუპრესი