|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ამალიას სვანური კაფე" - წყალტუბოს მაჟორიტარმა ბიუჯეტიდან გამოყოფილი გრანტით დედას რესტორანი გაუხსნა

"რუსთავის 2"-ზე  გასული სიუჟეტის მიხედვით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი გრანტი, რომელიც წყალტუბოში ღია სივრცის მოწყობას გულისხმობდა,  წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის, ცოტნე ზურაბიანის, დედის კაფე-ბარის გარემონტებას და გახსნას მოხმარდა.

პროექტის მიხედვით, სპეციალურად გამოყოფილ ფართზე უნდა განთავსებულიყო ახალგაზრდებისთვის უფასო თავშეყრისა და გამოფენის ადგილი, სადაც ისინი ტურისტებსაც შეხვდებოდნენ და უფასო ვირტუალურ ტურებსაც შესთავაზებდნენ.

ვიდრე 2016 წელს პარლამენტის წევრი გახდებოდა, ცოტნე ზურაბიანი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და იქ საკუთარ დეიდაშვილს გაუწია რეკომენდაცია გრანტის მისაღებად, რომლითაც წყალტუბოში ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი უნდა გახსნილიყო.

ამ ფულით ჩვეულებრივი რესტორანი გაიხსნა. ამ ადგილს ადგილობრივები "ამალიას სვანური კაფის" სახელით იცნობენ.

ეს ქალბატონი, ოფიციალურად, ჩვეულებრივი მასწავლებელია, მაგრამ ფლობს რამდენიმე სახლს, მათ შორის, ორ ბინას თბილისში, ვაკის რაიონში; აქვს მიწის 8 ნაკვეთი და კიდევ ეს რესტორანი. პარალელურად, დეპუტატ ცოტნე ზურაბიანის დედას მოგებული აქვს სკოლის სასადილოების ტენდერები.

არასამთავრობოები და ოპოზიცია ყვება, რომ ხალხის ფული მაჟორიტარმა არამხოლოდ დედის კაფეს რემონტისთვის გამოიყენა, არამედ თავისი საარჩევნო კამპანიაც ახეირა.  არადა, სახელმწიფო გრანტის ხელშეკრულებაში ცალსახად წერია, რომ ღია სივრცის პოლიტიკური ან თუნდაც კომერციული მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

თავად მაჟორიტარი ამბობს, რომ ეს თავისით, ყოველგვარი განზრახვის გარეშე, გამოვიდა.

 

ავტორი: ნიუპრესი