|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ან მე დავტოვებ საკრებულოს ფრაქციას, ან ნანა კოსტავა"-ნიკა ლატარია

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის გადაწყვეტილებას საკრებულოს თავმჯდომარე ეხმიანება. ნიკა ლატარიას განცხადებით, ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში მუშაობას არ აპირებს და შესაძლოა, მან თავად დატოვოს ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორები", რომელშიც ნანა კოსტავა რჩება. მან ასევე განმარტა, რომ საკრებულოს კოსტავას გაშვების ბერკეტი არ აქვს. 

"ჩვენ, საკრებულოს არ გვაქვს არანაირი ბერკეტი, რომ ვაიძულოთ დეპუტატი დატოვოს საკრებულო, გარდა ამისა, მან დატოვა საკრებულოში  თანამდებობა და ვიმეორებ ჩემს სიტყვებს, მე არ ვაპირებ, მასთან იმ ფორმატში მუშაობას, როგორც ვმუშაობდი. ამ დღეებში ფრაქცია შევიკრიბებით და ერთად გადავწყვეტთ, მე დავტოვებ ფრაქციას, თუ ის. დანარჩენი კითხეთ ნანა კოსტავას,  თუ რა გადაწყვეტილებას იღებს ერთ დღეს და მეორე დღეს ცვლის", -განაცხადა ნიკა ლატარიამ.

მისი თქმით, დეპუტატის გაშვების უფლებამოსილება მოსახლეობას აქვს. საზოგადოებამ უნდა უთხრას დეპუტატს უარი.  რაც შეეხება კომუნიკაციას ნანა კოსტავასთან, ამბობს, რომ პარასკევის შემდეგ მასთან კომუნიკაცია არ ქონია. 

 "ნიუპრესის" კითხვაზე,  თუ რა დამსახურებისათვის მოხვდა ნანა კოსტავა საკრებულოს გამსვლელ სიაში,   ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ ის საკრებულოში "ქართული ოცნების" სიით შევიდა, ხოლო შემდეგ გადავიდა "კონსერვატორებში". 

ცნობისთვის,  საკრებულოში ფრაქცის შექმნისათვის სამი წევრია საჭირო, რის გამოც ფრაქცია "ქართული ოცნება- კონსერვატორებში" ნიკა ლატარიასთან ერთად, რომელიც პარტია "კონსერვატორების" წევრია, უმრავლესობის ორი წევრი ნიკა ჩეჩელაშვილი და  და ნანა კოსტავა გაწევრიანდნენ. ფრაქციის თავმჯდომარედ ნანა კოსტავა დაინიშნა, რისთვისაც მას ბიუჯეტიდან გასამრჯელო დაენიშნა. 

შეგახსენებთ, ნანა კოსტავამ აქციების შემდეგ საკრებულოს შესაძლო დატოვების შესახებ განაცხადა, თუმცა ამ დრომდე გადაწყვეტილება არ მიუღია. 

 

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე