|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"აქ თანხაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ პირველად ვიღაც კონცეპტუალურად მიუდგა საკითხს"

იმერეთის ტურიზმის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი მარი დევიძე აცხადებს,  გიგა შუშანია კონცეფციას და რებრენდინგის სტრატეგიას არ გაცნობია და ისე აკეთებს შეფასებას. 

"გიგა შუშანიასგან ველოდებით პასუხს, გაეცნო თუ არა კონცეფციას და გამოითხოვა თუ არა ეს დოკუმენტაცია. აქ თანხაზე უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ პირველად მოხდა, ვიღაც კონცეპტუალურად მიუდგა საკითხს და ქუთაისის რებრენდინგზე იმუშავა. ეს არის ქალაქის ტურისტული ბრენდინგის საკითხი, რომელიც მოეხმარება ქუთაისს სამიზნე ბაზრებზე გასვლისათვის მარკენტინგული სვლებში. გჭირდება მინიმუმ 5 წლის სტრატეგია,  რომ გააგებინო უცხოელს,  ვინ ხარ" - აცხადებს მარი დევიძე. 

 მისი თქმით, სტრატეგიის მიზანია, ქუთაისი მოხვდეს საქართველოში აუცილებლად სანახავ 5 ადგილს შორის.  რებრენდინგსა და სტრატეგიაზე, რისთვისაც 50 ათასი ლარი დაიხარჯა,  კომპანია "Millennial Hub"- მა იმუშავა. 

ქუთაისის ახალი ბრენდისა და სტრატეგიის წარდგენა პანდემიის გამო ვერ მოხერხდა, თუმცა იმერეთის ტურიზმის ცენტრმა თავის ფეისბუქ გვერდზე გააზიარა კლიპი, რომელმაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა. 

 იმერეთის ტურიზმის ცენტრში გიდებთან დაკავშირებულ განცხადებასაც ეხმიანებიან: 

"რაც შეეხება ვრცელ კომენტარს გიდების გადამზადების პროგრამასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ საუბარია პროექტზე, რომელიც გასული წლის ბოლოს დაიგეგმა. ამ შემთხვევაშიც საკრებულოს დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ააიპის პირდაპირი, სამართლებრივ აქტებში გაწერილი ვალდებულებაა სექტორის ხელშეწყობა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული სუბიექტების კვალიფიკაციის ამაღლება. ვერ შევპირდებით, რომ სამსახური შეწყვეტს ფუნქციონირებას და არ გააგრძელებს თავის საქმიანობას. რაც შეეხება ბატონი შუშანიას განცხადებას,  ფინანსური სუბსიდიების გაცემასთან დაკავშირებით, შევახსენებთ, რომ რეგიონალურ დონეზე ააიპ-ს არ აქვს უფლება, მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები. ეს ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა" - აცხადებენ DMO იმერეთში.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე