|
  • EUR 1 = GEL 3.8812
  • USD 1 = GEL 3.3332
|

"არ გვაინტერესებს ოპოზიცია თავისი დესტრუქციით, ჩვენ გვაინტერესებს საერთაშორისო პარტნიორები"

ჩვენ არ გვაინტერესებს ოპოზიცია თავისი დესტრუქციით, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნა გაითვალისწინეს.

„მიუხედავად ამ დესტრუქციული და კონტრპროდუქტიული მოქმედებებისა, რომელიც ხორციელდება ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაინტერესებს ოპოზიცია თავისი დესტრუქციით, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაც ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება და სწორედ ამ მოტივით არის ნაკარნახები მათი მოწოდება კონსულტაციების გაგრძელების თაობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ისაუბრა ოპოზიციის მხრიდან თავიდან შემოთავაზებულ ე. წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც მისივე განმარტებით, ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას.

„ეს არის ერთუცნობიანი განტოლება, რომელიც კაზუსის სახით განიხილება პირველი კურსის პირველ ლექციაზე სტუდენტებთან . სამწუხაროა, რომ ასეთ მარტივ კაზუსთან დაკავშირებით მსჯელობა გვიწევს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ პოლიტიკური კულტურა საქართველოში განვითარებას საჭიროებს. ცალსახად არაკონსტიტუციურია ეს მოდელი. სწორედ ამ საფუძვლით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გაგვეგრძელებინა ამ საკითხის განხილვა. ეს კანონპროექტი არის წარმოდგენილი ოპოზიციის მხრიდან საქართველოს პარლამენტში. ამასთან დაკავშირებითაც იყო დისკუსია. აპარატმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიეღო - დარეგისტრირდა ეს კანონპროექტი და ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ ღიმილისმომგვრელი განცხადებები იმის თაობაზე, რომ თითქოს აპარატში გაიარა ამ დოკუმენტმა კონსტიტუციურობის ტესტი. ოპოზიცია, რომელიც ერთმანეთში ურევს საქართველოს პარლამენტის აპარატს და საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს, ბუნებრივია, ვერ იქნება რაიმე პოლიტიკური ხაზის განმსაზღვრელი ქართულ პოლიტიკაში. ეს აჩვენებს მათი იურიდიული განათლების დონეს, ისევე, როგორც გერმანული მოდელის შეთავაზება. მათი განცხადება, რომ თითქოს პარლამენტის აპარატი და მისი იურიდიული დეპარტამენტი არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მიმანიშნებელია იმის, რომ მათი იურიდიული და პოლიტიკური კვალიფიკაციის დონე არის ძალიან დაბალი, რაც ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40.38%
უარყოფითად - 50%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.62%
სულ - 104 ხმა