|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა ქუთაისის N17 საჯარო სკოლა დაათვალიერა

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი ქუთაისის N17 საჯარო სკოლას ეწვია. ელიზაბეტ რუდმა სკოლაში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

რეაბილიტაცია ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) დაფინანსებით (გრანტით) ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ ჩაუტარდა.

 ღონისძიებას ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა. შედეგად, სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 1,430 მოსწავლისთვის და რეაბილიტირდა 5,600 კვ/მ ფართობი.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ იმერეთში რეაბილიტაცია 17 საჯარო სკოლას ჩაუტარდა, საერთო ბიუჯეტით 10 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 8 სკოლა ქუთაისში მდებარეობს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, 2014-2019 წლებში, სრული რეაბილიტაცია 91 საჯარო სკოლას ჩაუტარა საქართველოს რეგიონებში, რომლის შედეგადაც სასწავლო გარემო 40,000-მდე მოსწავლისთვის გაუმჯობესდა.

თითოეული სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო საგნების თანამედროვე ლაბორატორიით.

საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 54 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი