|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაგა-ბაღების ააიპის ყოფილი დირექტორისთვის "ტურიზმის ცენტრში" ახალი თანამდებობა შეიქმნა

ქუთაისის მერიის ააიპ "ტურიზმის ცენტრში" ბაგა-ბაღების ყოფილი მმართველისთვის ახალი თანამდებობა შეიქმნა. ნანა ლორთქიფანიძე, მერის გადაწყვეტილებით, დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. როგორც ააიპის დირექტორი პაატა ლილუაშვილი აცხადებს, ლორთქიფანიძის დანიშვნით საშტატო ერთეული არ დამატებულა და  ის სამსახურის გადაკეთების ხარჯზე დაინიშნა მოადგილედ. 

„იყო ადმინისტრაციული სამსახურის შტატი, რომელიც შეიცვალა და გადავაკეთეთ დირექტორის მოადგილის თანამდებობად, რეალურად, მხოლოდ სახელი შევცვალეთ და შტატი არ დამატებულა“, - განაცხადა პაატა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილის თქმით, ადმინისტრაციული სამსახურის შტატი ამ დრომდე ვაკანტური იყო, ლოგიკურად, ვაკანტურ პოსტზე თანამშრომლის აყვანით საშტატო ნუსხა ერთი თანამშრომლით გაიზარდა.

გასულ წელს, როდესაც  საკრებულომ მხარი დაუჭირა, თვითმმართველობის გადაწყვეტილებას ტურიზმის ცენტრის ააიპად ჩამოყალიბების შესახებ,  პაატა ლილუაშვილი აცხადებდა, რომ არ მოხდებოდა თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა და ახალ შენობაში ის ადამიანები გადავიდოდნენ, რომლებიც მერიის ტურიზმის განყოფილებაში მუშაობდნენ. მათი რაოდენობა 10 თანამშრომლით განისაზღვრება.

ერთი წლის წინ შექმნილ ააიპში ამ დროისთვის 14 შტატიანი და უშტატო თანამშრომელი მუშაობს.

ქუთაისის მერიის ტურიზმის ცენტრი გასულ წელს შეიქმნა, რომლის ბიუჯეტი 233000 ლარს შეადგენს, აქედან 69 750 ლარი სახელფასო ფონდზე მოდის.

„ნიუპრესი“ დაინტერესდა დარჩენილი 163, 250 ლარით ტურიზმის ცენტრის მიერ მიმდინარე წელს რა პროექტები განხორციელდა. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ ცენტრის მიერ მხოლოდ სამი პროექტი განხორციელდა. მათ შორის არის ფოტო პროექტი და ბუკლეტი „იმერული სამზარეულო“, ფოტო პროექტი „ქუთაისის ღიმილის ქალაქი“, პროექტის მიზანს ტურისტული ლოგოსა და სლოგანის პოპულარიზაცია წარმოადგენდა. ცენტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო ოთხ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში. ცენტრის ინფორმაციით, ყველა პროექტი ქუთაისის პოპულარიზაციას ეწევა. 

ამ დროისთვის სამი პროექტი ხორციელდება. ქუთაისის "არტ რუკა" წლის ბოლომდე მოეწყობა.  ამავდროულად, ახალი საიტის შექმნა იგეგმება, ასევე იგეგმება საინფორმაციო მანიშნებლისა და chek in ფირნიშების დადგმა.

პაატა ლილუაშვილის განცხადებით, ყველა პროექტი მერიის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდა.

ააიპ ტურიზმის ცენტრი მერიის ინიციატივით 2016 წელს დაფუძნდა. შენობის რეაბილიტაცია და ინვენტარიზაცია დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

შენობის რეაბილიტაციისთვის  სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,პარმაღი“ 162 000 ლარად შეასრულა. ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში ყველაზე დიდი და მრავალფუნქციურია.

წელს საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით 11 129 ტურისტმა ისარგებლა. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა