|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, თუ აუცილებლობა?

იმის მიუხედავად, რომ ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქში მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კონკურსი გამოაცხადა, არაერთ პირობა შესრულებულ კონკურსანტებს ბოლომდე არ ენდო და დამატებითი  კონტროლი  დაუწესა. კონტროლისთვის არც თანხები დაზოგა და ქალაქში მოძრავ 90 მიკროავტობუსში GPS სისტემის დასამონტაჟებლად ბიუჯეტიდან 284 000 ლარი გადაიხადა. სანავიგაციო სისტემის შესაძენად  მერიამ ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებულმა კომპანიამ „ჯეო ჯიპიესმა“ მიკროავტობუსებში სისტემის დამონტაჟება მოახდინა.

ის, რაც ქალაქის პირველი პირებისთვის წარმატებული პროექტია, ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვად მიიჩნევს საკრებულოს უმცირესობა. მეტიც, აღნიშნავენ, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და მერიამ, ის პასუხისმგებლობა აიღო, რაც კონკურსში გამარჯვებული კომპანიებისთვის უნდა დაეკისრებინა.

"იმისათვის, რომ მერიამ "მარშუტკების" გადაადგილება აკონტროლოს, სანავიგაციო სისტემის დამონტაჟება დაიწყო. არადა, არსებობდა სამსახური, რომელიც ამ საქმეს ასრულებდა. მას შეეძლო ეკონტროლებინა მძღოლების გადაადგილება, მაგრამ ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა ამჯობინეს. იმოძრავებს, თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართულად, ეს არის მერიის ინტერესი, მაგრამ არა მისი ვალდებულება. ეს ვალდებულება გააჩნია ხაზის მეპატრონეს, რომელმაც გაიმარჯვა. მან უნდა უზრუნველყოს გამართული მოძრაობა. ეს ქმედებაა, შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულადაც შეფასდეს, რადგან ქალაქის ბიუჯეტი ზარალდება", – განაცხადა ბესო ბრეგაძემ.

ბრეგაძის შენიშვნებს კითხვებით პასუხობს მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ირაკლი ცხვედიანი და ოპონენტს ლოგიკამოკლებულ ბრალდებებში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ბრეგაძე აცხადებს, რომ კონკურსის გაზრდილი პირობები მძღოლებს დააწვათ მძიმე ტვირთად, ამავდროულად კი მძღოლებისთვის ზედმეტი ტვირთის დაკისრებას მოითხოვს.

 „აცხადებენენ, თითქოს მძღოლები დაიჩაგრენ და მეტი გადასახადი დაეკისრათ, სისტემის დამონატაჟება მძღოლებისთვის, რომ დაგვალებინა, ეს არ იქნებოდა ზედმეტი ტვირთი? ამიტომ რჩევა- იქნებ ლოგიკას მოკლებული კითხვები არ დასვან. მერია კონკურსის დროს აანონსებდა, რომ მონიტორინგისთვის მოხდებდა სისტემის დამონტაჟება. ამ ეტაპზე მოხდება იმ მიკროავტობუსებში დამონატაჟება, რომლებმაც წელს გაიარეს კონკურსი, მოერე ეტაპზე კი ხელშეკრულების გასვლის შემდეგ სხვა ტრანსპორტის აღჭურვაც მოხდება. ამასთან, თუ მფლობელი გადაწყვეტს, რომ ავტომანქანები  დაამატოს, GPS სისტემის დამონტაჟება  თავისი ხარჯებით მოუწევს. რაც შეეხება ადამიანური რესურსით გაკონტროლებას, ეს  ამ რესურსით შეუძლებელიცაა. ასზე მეტი  მიკროავტობული მოძრაობს  42 სამარშრუტო ხაზზე.  ძველია, გააკონტროლო რა სვლაგეზით, რა რადენობით და დროით მოძრაობენ ისინი.  ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არაა არამიზნობრივი ხარჯვა და  არც ფუფუნებაა, ეს აუცილებლობაა“,–აცხადებს ცხვედიანი.

აღსანიშნავია, რომ მერიამ 284 000 ლარი არა GPS სისტემის შეძენაში, არამედ დაქირავებაში გადაიხადა. ირაკლი ცხვედიანის თქმით, არსებობდა ორი ვარიანტი,  ან შეეძინათ აპარატურა, რაც გაცილებით ძვირი იყო, ან საჭირო დროით დაექირავებინათ.

"არსებობდა შეძენის რამოდენიმე ვარიანტი. ერთი იყო შეძენა და ჩვენს საკუთრებაში დატოვება, რაც გაცილებით ძვირია. ამიტომ ვამჯობინეთ ტენდერი მის დამონტაჟებაში გადაგვეხადა.  ხელშეკრულება 2019 წლამდე გვაქვს და ამ დროის განმავლობაში ქალაში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად გაკონტროლდება, რათა მათი არასათანადო გადაადგილებით მგზავრებს პრობლემა არ შეექმნათ",–განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა.

აღნიშნული თემით ოპონენტების დაინტერესებას სულ სხვა კონტექსტში განიხილავს ქალაქის მერი. შოთა მურღულიას თქმით, საინტერესოა, რატომ წუხან იმ ფაქტის გამო, რომ ტრანსპორტი თვითნებურად ვერ იმოძრავებს.

"ამ ბრალდებებს სერიოზულად ვერ მივიღებ, პირიქით, იქნებ კითხოთ, რატომ ინტერესდებიან ამ თემით, რატომ წუხან იმ ფაქტის გამო, რომ ტრანსპორტის გადაადგილება კონტროლირებადი ხდება და მძღოლები თვითნებურად ვერ იმოძრავებენ?"–აცხადებს მურღულია. ამ კითხვის პასუხი, როგორც მურღულია აცხადებს, თავად არ აქვს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაკონტროლებას აერთგვაროვნად   აფასებებენ მოქალაქეები. მგზავრების ერთი ნაწილის  აზრით, კონტროლის სისტემის დაყენება დაარეგულირრებს მოძრაობას, ახლა კი   მძღოლები ერთმანეთის ჯიბრზე ქაოსურად მოძრაობენ და მგზავრებს საფთხეს უქმნიან.  სხვები კი ფიქრობენ, რომ ჯობდა, მერიას ამ თანხით ქალაქში არსებული სხვა პრობლემებისათვის მიეხედა.

ვიდრე  გაირკვევა, ჩაიდინა თუ არა ქუთაისის მერია დანაშაული იმით, რომ GPS სისტემის დამონტაჯებისათვის ბიუჯეტის თანხა დახარჯა,   მძღოლები პირად საუბრებში გაძლიერებულ კონტროლს  აპროტესტებენ, თუმცა ხმამაღლა ამაზე საუბარს ერიდებიან.  ერთ-ერთი მძღოლის თქმით, რომელმაც სიფრთხილისათვის ვინაობის დაკონკრეტება არ ისურვა,   ამ ძვირადღირებული ტექნიკის  საჭიროება  არ იყო, რადგან მძღოლები  ერთმანეთის მოძრაობას  GPS სისტემაზე არანაკლებ აკონტროლებენ.

"როგორც ჩანს,  ჩვენს ქალაქში სხვა პრობლემა აღარ იყო დარჩენილი და მერიამ აღარ იცის,  ფული რაში დახარჯოს.  მძღოლები თავად აკონტროლებენ ეთმანეთის მოძრაობის გრაფიკს. ვინ აპატიებს დროის მოპარვას ერთმანეთს, უნდათ თუ არა, დათქმულ დროს ადგილზე უნდა მივიდნენ. მართალია,  მოძრაობის დროს ზოგჯერ  ეჩხუბებიან  კიდეც ერთმანეთს, მაგრამ   არ ვიცი, GPS სისტემა ამ პრობლემას რამდენად მოაწესრიგებს.  ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, ყველა თანხისთვის ვართ გამოსული სახლიდან, თანხა კი კარგ მუშაობას მოაქვს, ამიტომ ვცდილობთ ჩვენ ჩვენი საქმე კარგად ვაკეთოთ",–განაცხადა  მიკროავტობუსის მძღოლმა „ნიუპრესთან" საუბარში.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა