|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბრძოლა ქუთაისის პირველობისთვის ნაცნობი პრიორიტეტებითა და მეთოდებით

ქუთაისის მერობისთვის საარჩევნო მარათონი ოფიციალურად დაიწყო.  პარტიები და კანდიდატები ამომრჩევლებთან შეხვედრას უკვე შეუდგნენ. ამ დროისათვის კანდიდატები ოფიციალურად მხოლოდ სამ პარტიას  ყავს წარდგენილი.

 "ქართულმა ოცნებამ" არჩევანი მისივე შტაბის მმართველსა და იმერეთის ვიცე-გუბერნატორზე შეაჩერა. გიორგი ჭიღვარია მერობის პოსტზე 2 სექტემბერს დასახელდა, თუმცა შტაბის პრესსამსახურმა ცდუნებას ვერ გაუძლო და ჭიღვარიას ამომრჩევლებთან შეხვედრა წარდგენამდე რამდენიმე საათით ადრე,  2 სექტემბერს დაანონსა.

წარდგენილი კანდიდატი დროს არ კარგავს და  ამომრჩევლებს ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება და მათ უბნის მაჟორიტარ დეპუტატეობის კანდიდატებს წარუდგენს. ამასთან ქალაქში ბილბორდებზე უკვე გამოჩნდა ჭიღვარია, მთავარი მოწოდებით: „ძლიერი თვითმმართველობა ძლიერი საქართველოსთვის".

ჭიღვარია უკვე აანონსებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში "ძლიერი თვითმმართველობის"  მიზნით,  ეკონომიკის სამინისტროს ქუთაისში  არსებულ შენობებს დაათმობინებს და მათ სოციალურად დაუცველთა საცხოვრებლად მოაწყობს.

„წარჩინებული ოჯახის შვილისა და პატიოსანი ჩინოვნიკის“ სახელით წარდგენილი კანდიდატი, ამომრჩევლებს ქალაქში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრება. ჭიღვარიამ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, სოციალური საცხოვრისი და ტურიზმი დაასახელა. მისი მტკიცებით, ქალაქში ტრანსპორტი ცხრა საათის შემდეგ პარალიზებულია, ამიტომ მერობის შემთხვევაში, ხელშეკრულებების გადახედვას და ახალი ტრანსპორტის შემოყვანას გეგმავს.

ჭიღვარიას გუნდში წარმოდგენილი 10 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან უმეტესობა ექიმი, ან ბიზნესმენია, რომელთაგანაც უმეტესობა მხოლოდ ვიწრო წრეებშია ცნობილი.  მაჟორიტარების სიაში მხოლოდ ორი ქალი კანდიდატია. ამ  სიაში ვერცერთი მოქმედი  დეპუტატი ვერ მოხვდა, თუმცა, არსებული ინფორმაციით,  საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ემზადება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლატარია,რომელიც მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბის უფროსია.

რამდენიმე თვე იმსჯელა მერობის კანდიდატზე "ნაციონალურმა მოძრაობამ". ორგანიზაციამ თავდაპირველად არჩევანი ხატია დეკანოიძესა და გრიგოლ ვაშაძეზე შეაჩერა, საბოლოოდ კი გადაწყვეტილება გრიგოლ ვაშაძის სასრგებლოდ მიიღო. წინა ხელისუფლების დროს ქვეყნის მთავარი დიპლომატი, ამჟამად საპარლამენტო ქალაქის მერობისთვის იბრძვის. პარტიამ მერობის კანდიდატი 8 სექტემბერს წარადგინა. პარტიის მთავარ დევიზად ქუთაისის საპარლამენტო სტატუსის შენარჩუნება რჩება. გრიგოლ ვაშაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ქუთაისი არის საქართველოს დედაქალაქი და  ქუთაისელებს დაპირდა, რომ მათი პოლიტიკური ძალის გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისში გადმოვა არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ მთავრობა და სამინისტროები. ასევე ცნობილი გახდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა ვინაობა. ორგანიზაციამ ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ქუთაისში მეტ-ნაკლებად ცნობილი  მხოლოდ მამაკაცი კანდიდატები დაასახელა.

მერობის კანდიდატი ეყოლება ახლადშექმნილ "შენების მოძრაობას". დავით უსუფაშვილმა არჩევანი თბილისის ყოფილი მერის მოადგილეზე შეაჩერა. „შენების მოძრაობის“ სახელით მერობისთვის ქუთაისში ალუდა გოგლიჩიძე იბრძოლებს. როგორც უსუფაშვილმა თბილისიდან ამცნო ქუთაისელებს, კანდიდატის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი და ქვეყნის სწორად შენების უნარი იყო. 

გოგლიჩიძე ქუთაისში უკვე შეხვდა ჟურნალისტებს. მისი განცხადებით, ქალაქში ბევრი პრობლემაა და მთავარი გამოწვევა ქალაქის  პროგრამული ბიუჯეტის შექმნა იქნება, „ასევე ქუთაისს არ აქვს გრძელვადიანი განვითარების გეგმა და ამაში ვხედავ დიდ პრობლემას“, -განაცხადა გოგლიჩიძემ.

მისივე განმარტებით, მერის სტატუსის გარეშეც დარჩება ქუთაისის აქტიურ პოლიტიკაში. 
„ჩემი ჩემი ამოცანა ქუთაისის გამოცოცხლებაა, სწორედ ამიტომ მე ვიქნები სიის პირველი ნომერი და მერის სტატუსის გარეშეც დავრჩები ქალაქის აქტიურ პოლიტიკაში“, - აღნიშნა გოგლიჩიძემ.

მერობის კანდიდატად საკრებულოს დეპუტატზე შეაჩერა არჩევანი "ევროპულმა საქართველომ". დავით გოგისვანიძეს პარტია ოფიციალურად 14 სექტემბერს წარადგენს და ასევე მოხდება მაჟორიტარი დეპუტატების დასახელება, რომლებიც ქუთაისში ნაცნობი სახეები იქნებიან. გოგისვანიძემ გუნდს ნდობისთვის მადლობა გამოუცხადა და სანაცვლოდ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების ქალაქის სასარგებლოდ გამოყენებას დაპირდა. "ევროპული საქართველო" მერობის კანდიდატად ყოფილი მერის გია თევდორაძის დასახელებას გეგმავდა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, თევდორაძემ უარი თავად განაცხადა.

მერობის კანდიდატი ეყოლება "პატრიოტთა ალიანს", რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. "პატრიოტების სახელით" მერობისთვის გრიგოლ ბახტაძე იბრძოლებს, რომელმა ძალები უკვე მოსინჯა საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა საჭირო ხმების მოპოვება ვერ შეძლო. პარტიას ჯერ ოფიციალური წარდგენა არ მოუხდენია.

ქუთაისის მერობა  სურს "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს. გოგი წულაია კანდიდატად ნინო ბურჯანაძის და კუკავას პარტიათა გაერთიანებამ დაასახელა, თუმცა მისი დასახელება ნინო ბურჯანაძის შტაბში განხეთქილების მიზეზი გახდა. პარტიის შტაბის ხელმძღვანელმა საკრებულოს დეპუტატმა დავით წიტაიშვილმა პარტია გუნდთან ერთად დატოვა და მიზეზად პოლიტიკური გაერთიანება დაასახელა. მისი განცხადებით, მისთვის მიუღებელია მსგავსი გაერთიანება, თუმცა მისაღები აღმოჩნდა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი და მომხრეებთან ერთად გიორგი ჭიღვარიას გუნდში გადაინაცვლა.

"ოცნების" შტაბი უკვე დაადანაშაულეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში. ჭიღვარიას ოპონენტმა გოგი წულაიამ განაცხადა, რომ ქართული ოცნება" ქუთაისის მერიის ავტომობილებს, ტექნიკასა და ადამიანურ რესურსს იყენებს.  ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“. მათი განცხადებით, საკმარისზე მეტრი ავტომანქანები და ტექნიკა აქვთ. რაც შეეხება მერიის თანამშრომლების ერთ ნაწილს, რომლებიც აქტიურად საქმიანობენ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში, შვებულებაში იმყოფებიან, რაც საშუალებას აძლევთ მმართველი ძალის სასარგებლოდ  კანონის ფარგლებში იმოქმედონ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერსაა, ქუთაისის პირდაპირი წესით მეორე მერს აირჩევს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს პირველი პირის სტატუსს, თუმცა ცნობილია, მმართველი პარტიის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაშიც კი  მერიაში დასაქმებულთა შეცვლა მოყვება. უკვე ვრცელდება არაოფიციალური სია იმ თანამშრომლების, რომლებიც, სავარაუდოდ, დატოვებენ მერიას. მათი უმეტესობა სამსახურების და განყოფილებების უფროსები არიან.

 ქუთაისის მოქმედი მერი პოსტს, სავარაუდოდ, ნოემბრამდე შეინარჩუნებს, თუ ქუთაისში მეორე ტურის დანიშვნის აუცილებლობა არ დადგება, რისი ალბათობასაც მმართველი გუნდიც არ გამორიცხავს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა