|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მადლიერება დიდი ნიჭია" - ვინ არის საოპერო მომღერალი, რომელიც პედაგოგის ხსოვნის საღამოს მართავს?

ამერიკაში მოღვაწე  საოპერო მომღერალი დავით ღვინიანიძე 23 თებერვალს მისი მასწავლებლის ენი არსენიძის ხსოვნის საღამოს გამართავს. ღონისძიებაში, რომელიც მესხიშვილის თეატრის სცენაზე გაიმართება, მონაწილეობას მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები მიიღებენ.

მას არ უოცნებია მომღერლობაზე,  თუმცა ბავშვობიდან უყვარდა სცენა.  ახსოვს დიდ ოჯახში ბებო გიტარით და მამა აკორდეონით. ჟანრების კოლაბორაციის და ,,ანდერგრაუნდული“ მუსიკის ავანგარდის ქალაქში ის მაინც მოხვდა სცენაზე და ჯაზ როკ ანსამბლ ,,ალიონის“ სოლისტი გახდა, ქვეცნობიერმა უთხრა, რომ მას მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და შესაძლებლობების სრული გამოვლენის გზაც დაუსახა.

ექიმ დედას და აკადემიკოს მამას გაუჭირდათ წარმოდგენა ამ გზის, რთული და არაკომფორტული აღმოჩნდა დავითისთვისაც მშობლების ნების წინააღმდეგ წასვლა, თუმცა შედგა გარიგება,  სხვა პროფესიის არჩევაც, მაგრამ მიზნისკენ სწრაფვამ კონსერვატორიამდე მიიყვანა.

18 წელი იყო ტენორი, მაგრამ ერთმა საინტერესო შემთხვევამ ბარიტონად გრადაცია მოახდინა.

მილანში საოპერო ფესტივალზე მსოფლიო მეცო სოპრანომ ფიორენცა კოსტომ მას კითხვა დაუსვა - რატომ ტენორი, როცა შენს ხმაში ბარიტონის ელფერი სჩანსო? სანამ ტენორი იყო, მთელი სპექტრი იყო ლენსკიდან ერნესტოს პარტიამდე, თუმცა, ალბათ, ბუნებას ვერ გაექცევა კაცი და ბარიტონად უფრო კომფორტულად იგრძნო თავი, ყველა მაღალი ნოტით "ჯიბეში".

ტალანტი, ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭი, ქვეყნის და მშობლიური ქალაქის სიყვარული მის შესაძლებლობებს კიდევ მეტ ძალას აძლევს და პირადი წარმატებიდან იწყება ფიქრი მასშტაბური სივრცის შექმნაზე.

2000 წლიდან ჯერ მოსკოვში შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში აარსებს საქველმოქმედო ორგანიზაციას - ,,მსოფლიო ტალანტები“, ამ ეგიდით ხდება კონკურსების, ფესტივალების, სპექტაკლების ჩატარება მსოფლიოს ათასზე მეტ ქალაქში.

20 წელი საქართველოს გარეშე და საქართველოსთან ერთად - გეოგრაფიული სიშორე ვერ აფერხებდა მის მონდომებას, კიდევ უფრო მეტი შეძლებოდა მშობლიური ქუთაისისთვის, დაარსა საოპერო ფესტივალი და ,,გზა კარნეგი ჰოლისკენ“. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში 6-დან 18 წლამდე ნიჭიერი მოზარდების მთლიანი დაფინანსება და ფულადი ჯილდოები,  ასევე შანსი 18-დან 43 წლამდე ასაკის კონკურსანტებისთვის, რომელსაც ამერიკის პრესამ ყველაზე სამართლიანი კონკურსი უწოდა.

მადლიერება ყველაზე დიდი ნიჭია, კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებული და პიროვნული ღირსების გამომხატველიც,  როცა საქველმოქმედო პროექტს, მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტს უძღვნი შენს თანაქალაქელ პედაგოგს, რომელიც შენი წარმატებული გზის ზღუბლთან იდგა და გრძნობდა მას. ახლა უკვე მსოფლიო ბარიტონი ქუთაისის მთავარ სცენაზე კვლავ აცოცხლებს ამ წუთისოფლიდან ჩუმად წასულ შემოქმედ ქალბატონს ენი არსენიძეს.

 

 

ავტორი: ლაშა გაგოშიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა