|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ერთ ლარად მოგებული ტენდერები და მიშენების გარეშე დარჩენილი ბაღები

ერთ ლარად მოგებული ტენდერები სასამართლო დავის მიზეზი გახდა. ქუთაისის მერიის მიერ გასული წლის მაისში შოთა მურღულიას მერობის პერიოდში გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები შეწყვიტა, რის გამოც მერიის ახალი ხელმძღვანელობა, მასთან სასამართლო დავაში შევიდა.

საქმე ეხება ქუთაისში ჩკალოვის ქ. №3-ში მდებარე №33 და ბუხაიძის ქუჩის №7-ში მდებარე №15 საბავშვო ბაღებზე ახალი კორპუსის მიშენების სამუშაოებს, სადაც მერიის რჩეული შპს „ახალშენი“ გახდა.

მაისში გამოცხადებულ ორივე ტენდერში  თბილისში რეგისტრირებულმა შპს „ახალშენმა" გაიმარჯვა. მას ხელშეკრულებით,  165 დღეში ორივე ბაღზე მიშენების სამუშაოები უნდა დაესრულებინა.

თუმცა კომპანიამ ორივე ვალდებულება შეწყვიტა და სამუშაოები მიატოვა, რის გამოც მას #33-ე ბაღთან დაკავშირებით 158 000 ლარიანი და #15-ე ბაღზე 148 000 ლარიანი პირგასამტეხლო დაეკისრა.

#33 -ე ბაღის მიშენების სამუშაოებისთვის მერიამ 252 850 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. შპს „ახალშენმა“ მშენებლობაზე მზაობა  197 230 ლარად განაცხადა და ერთი ლარით მოუგო ქუთაისურ კომპანია შპს „გი-ან 2011“-ს, რომელიც საკრებულოს ამჟამინდელი დეპუტატის ამირან კოპალეიშვილის ოჯახის კომპანიაა. ზუსტად ერთი ლარით გაიმარჯვა „ახალშენმა“ მეორე ტენდერშიც და იქაც „გი-ან 2011“ დაამარცხა. „ახალშენმა“ 15-ე ბაღზე მშენებლობისთვის 253735 ლარიან ტენდერში 184 999 ლარად გაიმარჯვა.

ტენდერში ვკითხულობთ, რომ შპს „გი-ან 2011“-ს  დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიეცა. აღსანიშნავია, რომ „გი ანმა“ გასულ წელს ფალიაშვილის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი მოიგო, სადაც სამუშაოები გაჭიანურდა და არაერთი პროტესტის მიზეზიც გახდა. სავარაუდოდ, არასწორად შესრულებული სამუშაოები  გახდა მერიის მხრიდან ტენდერში სხვა კომპანიის გამარჯვების მიზეზი.

რაც შეეხება შპს „ახალშენის“ დირექტორის ავთანდილ საღრიშვილის პოზიციას, მას კომპანიის ოფიციალურ გვერდზე მითითებულ ნომერზე ვერ ვუკავშირდებით.

ორივე ბაღზე სამუშაოები კომპანიამ  სექტემბერში შეწყვიტა. როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე მირზა ხიდაშელი განმარტავს, კომპანიამ მხოლოდ შესრულებული სამუშაოების შესაბამისი თანხა მიიღო და ამ შემთხვევაში მერიას ფინანსური ზარალი არ განუცდია, თუმცა დაკარგა დრო და ბაღებზე მიშენებების დასრულებისთვის განმეორებით ტენდერი გამოაცხადა.

მშენებლობაზე სამუშაოების გასაგრძელებლად 344 000 ლარი გაიხარჯება.

მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს  ქუთაისში, ჩკალოვის ქ. №3-ში მდებარე №33 და ბუხაიძის ქუჩის №7-ში მდებარე №15 საბავშვო ბაღებზე დაწყებული ახალი კორპუსის მიშენების სამშენებლო სამუშაოები.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დასრულდეს.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა