|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიგი წერეთელი: "ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მეფე კი არ არის"...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე  გიგი წერეთელის  კანდიდატურას მხარს არ უჭერენ  "ქართული ოცნების" წევრები.  მიზეზები პარტიამ სპეციალურ განცხადებაში ახსნა, სადაც აღნიშნა, რომ ის ამ თანამდებობას პარტიული მიზნით გამოიყენებს.

"2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთ-ერთ მთავარ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს, ხოლო გიგი წერეთელი ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მხარეა. შესაძლოა გაჩნდეს განცდა, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მას ექნება შესაძლებლობა, რაიმე ფორმით გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგების შეფასებაზე",-ნათქვამია განცხადებაში. 

გიგი წერეთელი  გაკვირვებულია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების  პოზიციით . მისი განცხადებით,  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად საქართველოს წარმომადგენლის არჩევა ქვეყნისთვის არის პრესტიჟული. მისი შეფასებით, "ქართული ოცნების"  ქმედება სამარცხვინოა, მათი განცხადებები კი არაკომპეტენტური. 

 “ქართული ოცნების“ მხრიდან გამოხატული პოზიცია და მოქმედებები, არაცივილურია. “გადარეულია მთელი პარტია - ხან ერთ კუთხეში ვხედავ, რომ ფაციფუცობენ და ფურცლებით დარბიან და ხან - მეორე კუთხეში. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. ბოდიშს ვუხდი ყველა დელეგაციის წარმომადგენელს, რომლებიც გაკვირვებული მეკითხებიან: გაგვაგებინე რა ხდება, ვინ არიან ეს ხალხი, რატომ არ უნდათ მათი ქვეყნის წარმომადგენელი იყოს ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელი და რატომ არ უნდათ საქართველოს ხმა კიდევ უფრო მაღალი იყოს დეოკუპაციასთან და ანექსიის შეჩერებასთან დაკავშირებით. ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კიდევ უფრო ხელფეხგახსნილი ვარ, მაგრამ თითქმის ათი წლის განმავლობაში არასდროს მიკადრია სხვა რამ ინტერესი მქონოდა, ვიდრე ჩემი ქვეყნის ინტერესია“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია, რომელსაც თბილისი პირველად მასპინძლობს, ხუთი დღე გაგრძელდება. სესიის ფარგლებში იმართება დისკუსიები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, უკრაინის საკითხზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, დევნილთა უფლებებსა და კლიმატის ცვლილებაზე. ასამბლეის დელეგატები ასევე იმსჯელებენ მიგრაციის საკითხზე და უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის გაგზავნის მიზანშეწონილობაზე. სულ დელეგატები 30-მდე რეზოლუციის პროექტებს  განიხილავენ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ბოლო სამუშაო დღეს პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. ამ პოსტზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიამ წარადგინა.

გიგი წერეთლის მიმართ მხარდაჭერა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პედრო აგრამუნტიმ  გამოხატა.   საქართველოში ჩამოსული რუსეთის დელეგაციის წევრებმაც  განაცხადეს, რომ  ამ  თანამდებობაზე გიგი წერეთლის კანდიდატურას უჭერენ მხარს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა