|
  • EUR 1 = GEL 3.8812
  • USD 1 = GEL 3.3332
|

ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკა (CSDP) და საქართველოს ჩართულობა

ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობით, საქართველოს, როგორც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვან კონტრიბუტორს, საკუთარი წვლილი შეაქვს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. ეს ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოცდილების გაზრდას.

საქართველო ევროკავშირის მისიებში 2013 წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ხელმოწერილი ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში მონაწილეობს. 2014 წლის ივნისიდან საქართველო პირველად ჩაერთო ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიებში.

 

EUFOR  RCA _ ევროკავშირის სამხედრო ოპერაცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ ბანგიში ერთი მსუბუქი ქვეითი ასეული (156 ს/მ) შესაბამისი ტექნიკით 2014 წლის ივნისში გაემგზავრა, ამავე წლის დეკემბერში ქვეითი ასეული ორმა ოცეულმა (85ს/მ) ჩაანაცვლა. დამატებით, ერთი მეკავშირე ოფიცერი 2014 წლის აპრილიდან ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას ევროკავშირის ოპერაციების შტაბ-ბინაში (ქ. ლარისა, საბერძნეთი).

EUAM  UKRAINE - ევროკავშირის მრჩეველთა მისია უკრაინაში

საქართველო EUAM UKRAINE 2015 წლის 1 სექტემბრიდან ჩაერთო. მისიის დაწყების გადაწყვეტილება 2014 წლის 22 ივლისს ევროკავშირის საბჭომ უკრაინაში სამოქალაქო სექტორის რეფორმირების მიზნით მიიღო. მისიის მიზანია უკრაინაში პოლიციისა და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმირების ხელშეწყობა. უკრაინაში ადამიანური რესურსების სფეროში მრჩევლის თანამდებობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი 2015 წლის სექტემბრიდან მაისამდე მონაწილეობდა. ეს იყო საქართველოს პირველი გამოცდილება ევროკავშირის სამოქალაქო მისიებში.

EUMAM RCA _ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მრჩეველთა მისია

2015 წლის ოქტომბრიდან ცენტრალურ აფრიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გადაისროლეს (სწრაფი რეაგირების ჯგუფი - Immediate Reaction Team) 6-თვიანი როტაციის წესით. 2016 წლის აპრილში განხორციელდა ქართული კონტიგენტის როტაცია, რომელიც დარჩება ცენტრალურ აფრიკაში 2016 წლის ივლისამდე. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მრჩეველთა მისია (EUMAM RCA) 2015 წლის 16 მარტს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა. მისიის მიზანს წარმოადგენს ცენტრალური აფრიკის ხელისუფლებისთვის დახმარების აღმოჩენა შეიარაღებული ძალების რეფორმის განხორციელების კუთხით.

 EUTM Mali _ მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისია

2016 წლის იანვარში მალის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ მისიაში (EUTM MALI) 6 თვის ვადით მეკავშირე ოფიცრის თანამდებობაზე ქართველი სამხედრო მოსამსახურე გაემგზავრა. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ადგილზე მიმდინარე მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია; სამხედრო სამოქალაქო თანამშრომლობის საკითხების განხორციელება (CIMIC); მეკავშირე ოფიცრის როტაცია განხორციელდა 2016 წლის მაისში, სამხედრო ოფიცერი მალიში 2016 წლის ოქტომბრამდე.

2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ევროკავშირის მისიებში მონაწილეობა აღნიშნული შეთანხმების ეფექტურად განხორციელებას უწყობს ხელს. ჩვენი ჯარისკაცები პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მსოფლიოს ცხელ წერტილებში მსახურობენ და ამით პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ აძლიერებენ საქართველოს „ევროპულ გზას“.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლებისგან მაღალ დონეზე მომზადებული არმიისთვის საქართველო ყოველთვის გამორჩეულ მადლობას იღებს. ხშირად გვეუბნებიან, რომ ქართველი ჯარისკაცები მისაბაძი არიან ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის.

საქართველო მზად არის მომავალშიც გააგრძელოს ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობა. 2016 წლის 30 მაისს საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დადებითად გადაწყდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ახალ საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA )საქართველოს ოცეულით ჩართვის საკითხი. წინ მომზადების ერთთვიანი დაძაბული პერიოდია, ოცეულის გადასროლის შემდეგ კი საქართველოს დროშა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად უკვე ახალ მისიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აფრიალდება.

 

ავტორი: ირინა ცერცვაძე 

ევროკავშირში ინტეგრაციისა და

საერთაშორისო ორგანიზაციებთან

ურთიერთობის სამმართველო

 

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40.38%
უარყოფითად - 50%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.62%
სულ - 104 ხმა