|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფოტოკონკურსის "ილო" გამარჯვებულმა პრიზი სოფო ბობოხიძის დედას გადასცა

ფოტოკონკურს "ილო 2016“-ის ფარგლებში კალენდარი გამოიცა, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. კალენდარი ორი თვის წინ გარდაცვლილი ჟურნალისტის ხსოვნას მიეძღვნა. 2016 წლის კალენდარში სოფო ბობოხიძის ორი ფოტოც დაიბეჭდა.

კონკურსის გამარჯვებულმა ფოტოგრაფმა მამუკა კაკაურიძემ პრიზი სოფო ბობოხიძის დედას გადასცა.

"წელს ჩვენი კალენდარი სოფო ბობოხიძის ხსოვნას მივუძღვენით და ეს არ არის შემთხვევითი, რადგან სოფო რამდენიმე წლის განმავლობაში იღებდა მონაწილეობას ჩვენს ფოტოკონკურსში და პუბლიკის სიმპატიის პრიზის მფლობელიც გახდა. გარდა ამისა, როდესაც სოფოს ოთახი ვნახე, მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ფოტოკონკურსი მისთვის, რადგან კედლებზე ეკიდა მის მიერ სხვადასხვა წელს მიღებული სერტიფიკატები და კალენდარი გადაშლილი იმ გვერდზე, სადაც მისი სურათი იყო განთავსებული"-განაცხადა კულტურის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა თამთა თურმანიძემ.

  

 ფოტოკონკურსი „ილო“ 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება ქუთაისში.  2011 წლიდან კი ტრადიციად იქცა ფოტოკონკურსში შემოსული ნამუშევრებით მომავალი წლის კალენდრის გამოცემა.

ფოტოკონკურსს ორგანიზებას ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს.

ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, რომლის ფოტოატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა