|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის ტერიტორიაზე არქიტექტურული ნაშთები გამოვლინდა

გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დასრულდა წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ჩრდილოეთ ნაწილის არქეოლოგიური სამუშაოების მორიგი ეტაპი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  1 თვის განმავლობაში გაწმენდილ თხრილებში გამოვლინდა არაერთი არქიტექტურული ნაშთი და არქეოლოგიური ობიექტი, რომლებიც სტრატიგრაფიულად და ქრონოლოგიურად განისაზღვრა:

გამოვლინდა გვიანი შუასაუკუნეების დაკირული ღია მარანი და მასთან დაკავშირებულ კედლებში ჩადგმული ხის ნაგებობა, რომელსაც არქეოლოგები 1510 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირებენ (ამავე პერიოდს უკავშირდება სამონასტრო კომპლექსის გალავანში არსებული კარიბჭეც).

დაფიქსირდა XIII-XIV საუკუნის სადრენაჟე არხი.

 აღმოჩნდა ფუნქციაშეცვლილი თავდაპირველი ნაგებობა, სადაც წარმოდგენილია დაუკირავი ქვევრებიანი მარანი, თონე, ალიზის იატაკები და ჭა-მაცივრები. ნაგებობა დავით აღმაშენებლის ეპოქითა და შემდგომი ხანით (დაახლ: XII-XIII სს) თარიღდება.

 გამოვლენილია განვითარებული შუასაუკუნეების დროინდელი ნართექსისებური მინაშენი, თავდაპირველი სახის ორსათავსიანი ნაგებობა და გვიანანტიკური ხანის №3 სამარხი (ქვევრსამარხი).

2020 წელს, არქეოლოგიური ექსპედიცია, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის აღმოსავლეთის ნაწილის - კარიბჭის, გალავნისა და წმ. გიორგის ეკლესიის აფსიდის ხაზს შორის მოქცეული მონაკვეთის გახსნას გეგმავს, რომლიდან მიღებული შედეგების მიხედვით დაიგეგმება განათხარი თხრილების რეკულტივაციის, კონსერვაციისა და ადაპტაციის სამუშაოები.

არქეოლოგიურ ექსპედიციას პროფესორი ომარ ლანჩავა ხელმძღვანელობს და მასში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლები არიან ჩართულნი.

 სამეცნიერო-კვლევითი პროცესი, რომელიც კომპლექსის ეზოში არსებული სადრენაჟე არხების რეაბილიტაციისას გამოვლენილი არაერთი სხვადასხვა დანიშნულებისა და ასაკის (დრენაჟებზე ადრეული, მათი თანამედროვე და უფრო გვიანი ხანების) არქიტექტურული ობიექტებისა და კულტურული ფენების შესწავლას ითვალისწინებდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ნებართვით წარიმართა.

ავტორი: ნიუპრესი