"გელათის ტაძრის სახურავი დაზიანებულია და ვიზიტორთა ცენტრი დახურული "
პარტია "თავისუფალი საქართველო" გელათის სამონასტრო კომპლექსში სამუშაოების უხარისხოდ შესრულებას აპროტესტებს. პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია აცხადებს, რომ ტაძრის გადახურვა უხარისხოდ მოხდა, რის გამოც სახურავის ნაწილი დაზიანდა. წულაიამ ბრიფინგზე, ასევე ვიზიტორთა ცენტრზე ისაუბრა და განმარტა, რომ თვეების წინ აშენებული ცენტრი უფუნქციოდაა, რადგან იქ წყლის შეყვანა ვერ მოხერხდა.
"სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ. სახურავი გადახურეს ახალი კრამიტით, მაგრამ მალევე დაზიანდა და ახლა "ბრეზენტი" აქვთ გადაფარებული. გამოდის, რომ გელათის ტაძარზე სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, ამასთან, პრობლემაა ვიზიტორთა ცენტრშიც. შენობა რამდენიმე თვის წინ აშენდა, მაგრამ უფუნქციოდაა. წყლის შეყვანა ვერ მოხერხდა. არ არსებობს შესაბამის ავზი, საიდანაც ცენტრს წყალი მიეწოდება. გააკეთეს წყლის შემკრები ავზი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ავზი უფრო მაღლა იყო, ვიდრე წყალი. ეს არის დანაშაული, რადგან არც თუ ცოტა თანხები იხარჯება. ამასთან, დანაშაულია, იმიტომ, რომ ასეთი მნიშვნელობის ისტორიული ძეგლი და ტურისტული ადგილი ამდენი ხანი ვერ მოწესრიგდა"-განაცხადა გოგი წულაიამ.
გელათის სამონასტრო კომპლექსში სამუშაოებს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, "კულტურის და ხელოვნების საერთაშორისო" ცენტრი აწარმოებს. პროექტის მენეჯერის გიორგი მიქელაძის განმარტებით, წულაიას გაჟღერებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ამ ეტაპზე სამუშაოების მეორე ეტაპი გეგმაზომიერად მიმდინარეობს.
"ვახორციელებთ, როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, ასევე რესტავრაციას, რაც წარმატებით მიმდინარეობს და არანაირი დაზიანება არ არის გადახურვაზე. მუშაობის დროს თუ ერთი კრამიტი დაზიანდა, ეს ხარვეზები დაუყოვნებლივ გამოსწორდება. რაც შეეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, სამუშაოების პირველი ფაზა დასრულებულია და გადაცემულია ტურისტული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს. მეორე ფაზასთან დაკავშირებით მიმდინარეობს პროექტირება. სამუშაოები გულისხმობს წყლის სისტემით უზრუნველყოფასაც. იქ არსებული "დავითის წყარო" იყო დაზიანებული, სააგენტომ მოგვთხოვა ამ მაგისტრალის აღდგენა, სამუშაოები დასრულდა და ახლა ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც პრობლემას არ შეუქმნის არც ერთ ნაწილს. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება"-განაცხადა გიორგი მიქელაძემ.
ავტორი: ნიუპრესი