|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ვაშაძის სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“ დაფუძნდა

დღეს გიორგი ვაშაძის ახალი სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“ დაფუძნდა. გიორგი ვაშაძემ განცხადება ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა.

”მაშინ მქონდა თქვენი იმედი, რომ საქართველოში უამრავი ენერგიული, სამშობლოზე შეყვარებული გონიერი ადამიანია, რომლებსაც აქვთ ახალგაზრდული ჟინი, ზრდასრული სიდინჯე, გონიერება და პროფესიონალიზმი და რომლებსაც ყელში ამოუვიდათ პოლიტიკოსების ეგოცენტრიზმი, უუნარობა, თავგასულობა და აღარ უნდათ იყვნენ მათი კაპრიზებისა და ხუშტურების მძევალი. ამ ადამიანებს უნდათ არა ილუზორული ოცნება ან დაყვედრებული წარმატება, არამედ საკუთარი ხელით შექმნილი ახალი საქართველო.  დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, რომელმაც პარადიგმა უკვე შეცვალა ჩვენს ქვეყანაში და ეს პარადიგმა იყო, რომ აუცილებლად პოლიტიკური ძალები დიდი ფულით იწყებენ მოღვაწეობას. არა ბატონებო, დღეს ჩვენ გვაქვს საქართველოში 25 ოფისი, რომლებიც გახსნილია ჩვენი მხარდამჭერების სახლებში, საცხოვრებელ ადგილებში. შევიკრიბეთ რუსთაველის გამზირზე, რომელიც ასოცირდება თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლასთან, სადაც ჩვენი ქვეყნის ყველაზე დრამატული და გარდამტეხი მოვლენების შედეგად იწყებოდა ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპები. შევიკრიბეთ არა დაკეტილ დარბაზებში, არამედ ღია ცის ქვეშ. მიუხედავად ცუდი ამინდისა, აქ ვართ და როგორც კი დავიწყეთ ღონისძიება, გამოვიდა კაშკაშა მზე და ასე გამოვა კაშკაშა მზე მთელ საქართველოში”, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ”ახალი საქართველო” ქმნის შესაძლებლობებს თითოეული მოქალაქის თვითრეალიზებისთვის. ”ეს არის ჩვენს წარსულზე, ტრადიციასა და კულტურაზე დაყრდნობილი სრულიად ახალი პერსპექტივა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს არის ღირსეული და წარმატებული მოქალაქეების ქვეყანა, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა”, - განაცხადა ვაშაძემ. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა