|
  • EUR 1 = GEL 3.6232
  • USD 1 = GEL 3.2896
|

დავით გაბუნია: „აქტუალურობა - ამ სიტყვის ყველა შესაძლო გაგებით - აი, რას ვითხოვ თეატრისგან“

ქართული კლასიკური მწერლობა დრამტურგიის ნაწილში მაინცადამაინც შთამბეჭდავად ვერ გამოიყურება, რამ განაპირობა ეს სიმწირე? რა როლს ანიჭებს თეატრს ოფიციალური კულტურა? რამდენად მოერგო თანამედროვე ეპოქას ქართული თეატრი?

Newpress.ge- ს კითხვებს დრამატურგი და მთარგმნელი დავით გაბუნია პასუხობს.

– რატომ გაუჭირდათ დრამატურგიაში ქართველ კლასიკოს ავტორებს?

– ამას დიდი ისტორიული საფუძველი აქვს. დრამატურგია არ ვითარდება თეატრისგან დამოუკიდებლად, ეს ლიტერატურის ე.წ. ‘ფუნქციური’ ჟანრია, იგი არ არსებობს თეატრის გარეშე. საქართველოში კი სათეატრო ტრადიცია საკმაოდ მწირი იყო - დასავლური გაგებით თეატრი ჩვენთან ძალიან გვიან გაჩნდა და შესაბამისად, ეროვნულმა დრამატურგიამაც ძალიან გვიან დაიწყო განვითარება (მხოლოდ მე-19 საუკუნეში). ასე რომ, ვერ ვიტყვი, რომ ქართველ ავტორებს რაიმე განსაკუთრებული გასაჭირი ადგათ დრამატურგიაში და ამან განაპირობა ჩვენში ამ ჟანრის განუვითარებლობა. თეატრის არქონა კიდევ ძალიან ბევრი რამით შეიძლება აიხსნას, ისტორიკოსი არ გახლავართ და არც თეატრმცოდნე, მაგრამ გვიანი შუასაუკუნეების საქართველოს ისტორიას თუ გავიხსენებთ, გასაგები გახდება, რომ ისეთი საზოგადოებრივ-კულტურული ფუფუნება, როგორიც თეატრია - საქართველოს გასაგები მიზეზების გამო ვერ ექნებოდა.

მაგრამ, ქართულ კლასიკურ დრამატურგიაში არის სულ მცირე ორი სახელი, რომელიც გადასააზრებელია და თანამედროვეობასთან მიმართებაში ხელახლაა აღმოსაჩენი - ესენია დავით კლდიაშვილი და პოლიკარპე კაკაბაძე. აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ მექანიკურად გათანამედროვებულ დადგმებს, აუცილებელია მათი მნიშვნელობა გადავაფასოთ, ხელახლა „წავიკითხოთ“ ისინი და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ხელთ უფრო მნიშვნელოვანი რაღაც შეგვრჩება, ვიდრე ამ გადასახედიდან, „შეუიარაღებელი თვალით“ გვეჩვენება.

–თეატრს სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა როლს ანიჭებდნენ -ხან  ეროვნული მისია უნდა განესაზღვრა, ენა შეენახა, იდეოლოგიის რუპორი გამხდარიყო, სულიერება გადაერჩინა და ა.შ. სინამდვილეში რა წარმოადგენს თეატრის „ამპლუას“,რა როლშია იგი ყველაზე ბუნებრივი?

–რთულია განზოგადება - სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ერთი კონკრეტული ფუნქცია (ან, თუნდაც, რამდენიმე) თეატრს არა აქვს და არც უნდა ჰქონდეს. არსებობს გასართობი ინდუსტრია და თეატრიც მისი ნაწილია... ყველანაირ თეატრს აქვს არსებობის უფლება, ყველანაირი საჭიროა. ჩემთვის პირადად კი თეატრი, რომელიც კონტექსტიდან ამოვარდნილია, საინტერესოც აღარაა. თუ სპექტაკლი იდგმება დღეს, 2013 წელს, საქართველოში - ბუნებრივია, მას რაიმე გამართლება უნდა ჰქონდეს - რატომ აქ და რატომ ახლა? (ცალკე საკითხია, რა ხარისხით და როგორ). აქტუალურობა - ამ სიტყვის ყველა შესაძლო გაგებით - აი, რას ვითხოვ მე პირადად თეატრისგან. რაც შეეხება თეატრის „ტაძრად“ და მაღალი სულიერების კერად დანახვას, ამაზე სერიოზულად ლაპარაკი მიჭირს, ცოტა მეცინება ასეთ მოწიწებაზე. ძალიან ბანალური ვიქნები, მაგრამ მაინც ვიტყვი: თეატრმაც უნდა აირეკლოს ის, რაც მის გარშემო ხდება. თუ სიმახინჯე ხდება, სხვა გზა არაა - ესეც თანაბრად აღმოჩნდება ანარეკლში. მოსაზრება, რომ მაყურებელს სცენაზე პრობლემა არ სჭირდება, ცხოვრებაშიც თავზესაყრელი აქვს - მე პირადად უმუშევარს დამტოვებდა.

–სხვა ქვეყნის თეატრებზე ნაკლები ინფორმაცია მაქვს პირადად მე (ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბევრ თეატრალურ მოღვაწესაც ), ამიტომ გკითხავთ, რა ტენდენციები იკვეთება თეატრალურ სამყაროში?, რამდენად ვპასუხობთ დროს?რამდენად მოახერხა საბჭოეთის ნგრევის შემდეგ ქართულმა თეატრმა დიდ სივრცესთან ადაპტირება?

–საბედნიეროდ, ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა დიდი ხანია, მოიხსნა - იუთუბის, გუგლის, ტორენტების დროში ამაზე ლაპარაკი უკვე აღარ შეიძლება. რისი ნახვაც მხოლოდ ერთეულების პრეროგატივა იყო, დღეს ბევრისთვის არის ხელმისაწვდომი. ასე რომ, თუ სფეროში მომუშავე ადამიანი (რეჟისორი იქნება თუ დრამატურგი) ინფორმაციას არ ფლობს, ეს უკვე მისი პირადი პრობლემაა და არა საზოგადო. ამას გარდა, საქართველოში ტარდება საერთაშორისო თეატრალური ფესტივალები, რაც ინფორმაციის გაცვლის შესანიშნავი საშუალებაა. ქართული თეატრები საკმაოდ ბევრს და აქტიურად მოგზაურობენ. ბოლოს და ბოლოს, საზღვრები დიდი ხანია, აღარაა ჩაკეტილი და ახლის ნახვის საშუალება უკვე არც ისე ცოტა პროფესიონალს აქვს.

მსოფლიო კიდევ ძალიან ჭრელია, ერთი ან რამდენიმე ტენდენციის გამოკვეთა ძნელი იქნება, იმდენი რამ ხდება და იმდენ ადგილას. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ კი მოხდა ის, რომ ძველი „ალეგორიული“ ენა, რომელიც თეატრსა და კინოში უმთავრეს ტრადიციად იქცა, საჭირო აღარაა. სამწუხაროდ, ინერციით კვლავ იგრძნობა ზიზღი რეალურობის, რეალისტურობის - სათქმელის მკაფიოდ და შეულამაზებლად თქმის მიმართ. ქართულ თეატრს ხშირად ეშინია პირდაპირობის და მაინც „შეფარულ“, იგავურ ფორმებს ირჩევს. საბჭოთა ცენზურის არარსებობის ფონზე კი ეს ანაქრონიზმს ემსგავსება. თუმცა, ყველას თავისი გზა აქვს - თეატრი (და მათ შორის ჩვენი, თანამედროვე ქართული თეატრი) იმითაა საინტერესო, რომ მრავალფეროვანია - ყველა იპოვის მასში იმას, რაც აინტერესებს. ყველგან ასეა, საუკეთესო თეატრალური ტრადიციების მქონე ქვეყნებშიც - უბრალოდ, ჩვენი მასშტაბები გაცილებით მცირეა - პატარა ქვეყანა ვართ და იმიტომ. ესაა და ეს.

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.87%
არა - 47.24%
არ იცი - 10.89%
სულ - 652 ხმა