|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტელეკომპანია "რიონს" თვითმმართველობამ 40 ათას ლარიანი დაფინანსება შეუჩერა

ქუთაისის საკრებულომ ტელე–რადიო კომპანია "რიონს" დაფინანსება შეუჩერა. ამის შესახებ ქალაქის საკრებულომ გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

"რიონის" გენერალური დირექტორის, თამარ ღვიანიანიძის განმარტებით, ტელეკომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
 
"ტელეკომპანია "რიონზე" "პატრიოტთა ალიანსის" მხრიდან ხორციელდება ზეწოლა, რომელსაც ჩვენს ქალაქში სათავეში უდგას  გოჩა თევდორაძე. ყველას გასაოცრად ის განახლებული ენერგიითა და საკუთარი ზრახვებით ვიცე–გუბერანატორად მოგვევლინა და დაიწყო სიტუაციების "დალაგება", – განაცხადა დღეს საკრებულოს სხდომაზე თამარ ღვინიანიძემ.

"რიონის" გენერალური დირექტორის განმარტებით, მას მოსთხოვეს სტუდია "ობიექტივის" ჩართვა. "აღნიშნული სტუდიისთვის დღეში 8 საათი უნდა დამეთმო. ამიტომაც უარი ვუთხარი.  რადგან, ეს ნიშნავდა ჩემი თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებას", – აცხადებს ღვინიანიძე. მისივე თქმით, თვითმმართველობამ ეს გადაწყვეტილება შეგნებულად,  ახალი მერისთვის სატელევიზიო სივრცის დასაკეტად მიიღო.
 
ადგილობრივ თვითმმართველობასა და "რიონს" შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ტელეკომპანია საკრებულოს სხდომების ტრანსლირებასა და სხვადასხვა განცხადებების გაშვებას უზრუნველყოფდა. სანაცვლოდ, წლის განმავლობაში ტელეკომპანიის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარს შეადგენდა.

მიმდინარე წელს ტელეკომოპანიას გამოყოფილი დაფინანსებიდან 12 000 ლარი უკვე აქვს ათვისებული. დარჩენილ 28 000 ლარს კი "რიონი" შეწყვეტილი დაფინასების გამო, ვეღარ მიიღებს.

საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის განმარტებით, თვითმმართველობამ "რიონს" დაფინანსებაზე დროებით უთხრა უარი.

"ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო. შეიძლება, 40 000 ლარის ნაცვლად, მომავალში 60 000 ლარის დაფინანსება მივცეთ", – აღნიშნა მარგველაშვილმა. მისი მტკიცებით, ზემოთ აღნიშნული თანხა სოციალურ პროგრამებს მოხმარდება.

საკრებულოს "ნაციონალი" წევრების განმარტებით, "დაფინანსების შეჩერება ეს არის გაფრთხილება ახალი მთავრობის, დააკვირდებიან თუ რამდენად იმუშავებს "რიონი" მათზე და ამის შემდეგ გადაწყვეტენ, მისცენ თუ არა დაფინანსება", – აღნიშნა საკრებულოს "ნაციონალმა" წევრმა გია უკლებამ.
 
"რიონის" გენერალური დირექტორის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილებით, ცდილობენ ხაზი გადაუსვან საჯაროობას.  

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა