|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი სამსახურიდან გაუშვეს?

ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, გელა მშვენიერაძე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, როგორც ცნობილი ხდება, დღეს  სამსახურიდან გაათავისუფლეს. მშვენიერაძე არქიტექტორ ანდრო მარჯანიშვილით ჩაანაცვლეს.  

თავად გელა მშვენიერაძე მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი ხვალ გადაწყდება.

"მე თვითონ არ ვიცი ეგ და თქვენ საიდან გაიგეთ. რამდენიმე ადამიანს ამბობენ და ვის მოიყვანენ, ვერ გეტყვით. დავრჩები, თუ არა არქიტექტურის სამსახურში, მაგას მე თვითონ გადავწყვეტ. თუმცა პატიოსანი ხალხი დღეს არავის სჭირდება," - ამბობს გელა მშვენიერაძე.

შეგახსენებთ, რომ მშვენიერაძე მერიაში არსებული იმ მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის წევრიც იყო, რომელმაც ქალაქის მერი აირჩია. თუმცა ის ამჟამად კომისიის წევრი აღარ არის. კომისიაში მისი სხვა წევრით ჩანაცვლება იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ მოითხოვა, რომლის სახელითაც მშვენიერაძე საკონკურსო კომისიაში იყო წარდგენილი.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე