|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელებს ქვეწარმავლები სახლში უვარდებათ

ქუთაისში, ადგილობრივი  მოსახლეობა  სკვერების, ბაღებისა და ფერდობების მოუწესრიგებლობის გამო,  ქვეწარმავლების მომრავლებაზე საუბრობს. ქვეწარმავლებისაგან შეწუხებული მოსახლეობა პრობლემასთან გამკლავებას ხალხური მეთოდებით ცდილობს, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობა ქვეწარმავლებთან „ბრძოლის“ კუთხით პასუხისმგებლობას იცილებს.

ქუთაისში, წერეთლის ქუჩის მცხოვრებლების აცხადებენ, რომ საბურავების ნამწვავბის სუნითა და გოგირდით  ცდილობენ ეზოებში ქვეწარმავლებთან გამკლავებას.

„ეზოებში ფეხი ვერ გადაგვიდგამს ნორმალურად. პირდაპირ  სახლებში გვივარდებიან ქვეწარმავლები. ისევ ჩვენვე უნდა ვუშველოთ თავს. ამიტომ გადავწყვიტეთ საბურავები დაგვეწვა. მაგრამ ამანაც არ უშველა და ახლა გოგირდის დაწვაც გვინდა“, – ამბობს newprss.ge-სთან საუბარში, წერეთლის ქუჩაზე მცხოვრები გუგული ოყრეშიძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ  ხარაზოვის რეაბილიტირებულ ბაღში არსებულ მოუწესრიგებელ  ტბაში ბაყაყები და სხვადასხვა ქვეწარმავლებიც  ბინადრობენ. ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობენ, ირაკლი აბაშიძის ქუჩა #18–ში, სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები. მათი თქმით, უკვე რამდენჯერმე მოკლეს გველი.

ქუთაისისის მერიის დასუფთავების განყოფილებაში განმარტავენ, რომ მათ ფუნქციებში არ შედის ქალაქის ტერიტორიაზე ქვეწარმავლებთან „ბრძოლა“.  დასუთავების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ დეისაძის განმარტებით, ისინი  მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული იმ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების დეზინფექციას აწარმოებენ, სადაც ნაგავშემკრები ბუნკერებია.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში 2011–2012 წლებში  „ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქვეწარმავლების დასაფრთხობად აუცილებელი ტერიტორიული ერთეულების ქიმიური რეპლენტებით დამუშავების პროგრამა“– მოქმედებდა.

აღნიშნული პროგრამისათვის გასულ წელს ბიუჯეტიდან 30 000 ლარი იყო განსაზღვრული, ხოლო 2011 წელს – 20 000 ლარი.

მაშინ ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავდნენ, რომ  ეს პროგრამა  საპარლამენტო ქალაქის მოწესრიგებას შეუწყობდა ხელს. 

ავტორი: თეკლა მორგოშია