|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ვიცე–მერი – არავითარი ახალი მანქანა, არავითარი ფუფუნება

ქუთაისის მერიაში თვითმმართველობის ბალანსზე მყოფი მანქანების ჰიბრიდული ავტომობილებით ჩანაცვლების იდეას კვლავ განიხილავენ.

ვიცე–მერის თენგიზ თოფურიძის განმარტებით, ჰიბრიდული ავტომობილებით ჩანაცლება ეტაპობრივად უნდა მოხდეს. მაგრამ, ამ ეტაპზე ქუთაისის თვითმმართველობა მაქნანების შეცვლისათვის მზად არ არის.

„ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვრჩა. ამ წელიწადში ამაზე საუბარი გამორიცხულია, უკვე გვაქვს გარღვევა ბიუჯეტში, რომელიც უნდა გადავფაროთ -  არავითარი ახალი მანქანა, არავითარი ფუფუნება,“ – ამბობს თოფურიძე.

ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი და ამჟამად იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ამირან ძოწენიძე ამბობს, რომ ჰიბრიდული ავტომანქანებით ჩანაცვლების იდეა თავის დროზე, სწორედ, მას ეკუთვნოდა.

ძოწენიძის ინფორმაციით, იმ დროისათვის მხოლოდ მერიის მფლობელობაში არსებული მანქანების შემფასებელი ფირმის გამეოსავლენად ტენდერი გამოცხადდა. თუმცა, ვიცე-გუბერნატორის თქმით, ამაზე შორს წასვლა და შემდგომი ეტაპების გავლა, ვეღარ შეძლეს.

„მას შემდეგ, რაც ყოფილი მერი, ბესიკ ბრეგაძე წავიდა, შემდეგ ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა და რაიმეს კეთების სურვილი არავის ქონია. ძველი ახალი სახეები რამდენად საჭიროდ თვლიან, ეს მათ ჰკითხეთ, მაგრამ ახლა იმდენი ტყუილ-მართალი გვესმის, რომ ეს მგონი მეათეხარისხოვანია, “ - აცხადებს ამირან ძოწენიძე.

ავტორი: დეა მანაგაძე