|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი - ნაცმოძრაობა შეეცადა შეეთხზათ ბინძური მითი, რომელიც ღირსებას შემილახავდა, თუმცა არაფერი გამოუვიდათ

ქუთაისის მერობის კანდიდატ  იოსებ ხახალეიშვილთან  „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის  (EECMD)“  ქუთაისის წარმომადგენლობის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაზე წინასაარჩევნო პროგრამისა და გარემოს შესახებ იმსჯელეს.

 მერობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი პროგრამა გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე, რომელიც ქუთაისს დღემდე არ ჰქონია.  მისი თქმით,  გენერალურ გეგმაში 4 მიმართულებაა: დასავლეთ საქართველოს ადმინისტრაციული ცეტრი, განათლებისა და კულტურის ცენტრი, ეკოქალაქი, ევროპის კარიბჭე.  

მერობის კანდიდატმა დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა,  ისაუბრა შშმ პირებისთვის ქალაქის ინკლუზიური ინფრასტრუქტურის შექმნასა  და  ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე.

 დემოკრატიული პოლიტიკური კულტურისა და კონსტრუქციული პოლიტიკური დებატების დამკვიდრების ნაწილში იოსებ ხახალეიშვილმა  არაკორექტული კამპანიის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“  მის სადისკრედიტაციოდ დაიწყო. იოსებ ხახალეიშვილის თქმით, ის დანებებას არ აპირებს მედიით ტირაჟირებული ცილისწამებებისგან საკუთარი სიმართლის დასაცავად.

„გასაგებია, არჩევნებში გამარჯვების მოჭარბებული სურვილი ყველაფერზე წასვლისა და  ყველაფრის კადრების  მზადყოფნაში აყენებთ, მაგრამ ის მტკნარი და ბინძური სიცრუე, რაც ჩემ მიმართ  შეთხზეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება.  ნაძირალა ადამიანების პრინციპია,  როცა მიზნად ისახავენ,  ადამიანი მდგომარეობიდან გამოიყვანონ, აბრალებენ ზუსტად იმას, რასაც მთელი ცხოვრება  თვითონ  ებრძვის ან რასაც ძალიან უფრთხილდება. მთელი ცხოვრება  ღირსეულად ვიცხოვრე, შვილებსაც ვცდილობ მივცე წესიერებისა და პატიოსნების პირადი მაგალითი და  სწორედ ამ ღირსებაზე შეეცადნენ  სიბინძურით დაერტყათ.  თემაც შემთხვევითი არ არის -   პიარის  ძირითადი პრინციპით არის გათვლილი:  ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, უამრავი თანაქალაქელი ბავშვობიდან  დღემდე მიცნობს და  მახასიათებს როგორც წესიერ და პატიოსან კაცს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები   შეეცადნენ,  სწორედ ამ პიროვნული  მახასიათებლების  გასანეიტრალებლად  შეეთხზათ ბინძური  მითი, რომელიც მათი აზრით,  ღირსებას შემილახავდა. თუმცა  არაფერი გამოუვიდათ, რადგან ამ ქალაქში მხოლოდ გაეცინათ  მათ  მდაბიურ ცილისწამებაზე.  მაგრამ მე მყავს შვილები. ჩემი ოჯახით,  ამ ქალაქში ვაპირებ ცხოვრებას  და   ყველაფერს გავაკეთებ კანონის ფარგლებში, რომ ჩემს შვილებს უხერხულობის განცდა არ დარჩეთ მამის მიმართ ამ ბინძური ცილისწამების გამო!“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.

ავტორი: ნიუპრესი