|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ომარ ნიშნიანიძე ლეონ მეორისა და ბაგრატ მესამის ძეგლის დადგმას ითხოვს

აფხაზსა და ქართველებს შორის არსებული დავის მოგვარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას პარლამენტარი  ქუთაისის თვითმმართველობას აკისრებს. ომან ნიშნიანიძე საკრებულოს წინაშე ვრცელი მოხსენებით წარსდგა და მეფეების ლეონ მეორისა და ბაგრატ მესამის პატივსაცემად მათი ძეგლების დადგმა ითხოვა. ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, აღნიშნული მეფეების, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ქვეყნის ისტორიაში, სახელი მივიწყებულია. ბაგრატ მესამის ერთგვარი ძეგლია ბაგრატის ტაძარი, ლეონ მეორის სახელი კი შედარებით მივიწყებულია აღნიშნა მან.  

 

"ლეონ მეორე არის დიდი ისტორიული პიროვნება, თუმცა სახელი მივიწყებულია. სამწუხაროდ, ის აფხაზებმა მიისაკუთრეს და მას აფხაზთა მეფედ მოიხსენიებენ, რომელმაც დაიპყრო მთელი დასავლეთ საქართველო. მისი სახელობის ორდენებით ბოევიკებს აჯილდოვებენ.  ჩვენ უნდა წამოვწიოთ ამ ისტორიული პიროვნების სახელი, ისევ როგორც ბაგრატ მესამის,   მათი ქანდაკებები უნდა დაიდგას ქალაქში, ან მათი სახელობის ქუჩები გაჩნდეს. მე იმედს ვიტოვებ, ქუთაისი იფიქრებს ამ საკითხზე. ამ საკითხის მოგვარება ქუთაისიდან უნდა დაიწყოს"–განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

იდეა, როგორც ომარ ნიშნიანიძეს, ასევე კანადაში მყოფ ზურაბ დათუაშვილს ეკუთვნით.

პარლამენტის დეპუტატის განცხადებას მხარი საკრებულოს დეპუტატებმაც დაუჭირეს. გია ქობალიანის განცხადებით, აუცილებელია ისტორიის პატივისცემა. ქუთაისში უნდა იყოს იმ პიროვნებების ძეგლები, რომელთაც ქალაქის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ. მან ასევე წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ქუთაისში არ არსებობს შოთა რუსთაველის ძეგლი, ასევე არაა "ოქროს საწმისის" და მედეას ისტორიის ამსახველი რაიმე ძეგლი, რაზედაც ქუთაისის მერმა იხუმრა, რომ "არგო" შენდება და არ უნდათ.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი