|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კობა ნარჩემაშვილი: "შეუძლებელია კრიმინალებთან ურთიერთობა მქონდეს"

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია, ამის რწმენას მას, როგორც „პირველის“ ეთერში განაცხადა,  „ქართული ოცნების მხარდაჭერა“, ასევე ქალაქის ხელმძღვანელობასთან გუშინ გამართული შეხვედრა აძლებს.

ნარჩემაშვილი ეხმიანება მისი მისამართით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შეფასებებსაც და აცხადებს, რომ თუ ის "შევარდნაძის დროინდელი ბნელეთის" წარმომადგენელია, „მაშინ  გამოდის, რომ ამ ბნელეთის წარმომადგენლები იყვნენ მიხეილ მაჭავარიანი,  მიხეილ სააკაშვილი,  დავით ბაქრაძე, რომელიც ჩემთან ერთად შევარდნაძის ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშობდა“, -განაცხადა ნარჩემაშვილმა.

ყოფილი შსს მინისტრის თქმით, „ისინი შევარდნაძეს მხოლოდ მაშინ გაემიჯნენ, როცა მაქსიმალური სარგებელი მიიღეს მისგან და გადაწყვიტეს უფრო ადრე მიეღოთ ხელისუფლება,  ვიდრე მათი ჯერი მოვიდოდა. ეს იყო ტიპიური, პოსტსაბჭოური ელიტის რევოლუცია, როცა ხელისუფლებაშივე გაჩნდა ოპოზიცია“,-განაცხადა მან.

დეპუტატობის კანდიდატმა კრიმინალურ სამყაროსთან მისი კავშირის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა: "90-წლების დასაწყისში,  ჩემს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის შედეგად  დამეღუპა ბაბუა. ამ ფაქტმა განაპირობა ჩემი გამომძიებლად ჩამოყალიბება. ეს იყო ისეთი ფაქტი, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება. ვინც მიცნობს, იცის, რომ უბრალოდ, შეუძლებელია, მე კრიმინალებთან რაიმე ურთიერთობა მქონდეს“.

ნარჩემაშვილი უარყოფს, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს მას  საპროცესო შეთანხმებისათვის 2 მილიონი დოლარი აქვს გადახდილი. მისი თქმით, ამისათვის მისმა ოჯახმა 300 ათასი გადაიხადა.   ამ თანხის გადახდა კი მისმა მამამ, რომელსაც  ბიზნესი ქონდა,  საკუთარი ქონების დაგირავებით შეძლო. ნარჩემაშვილის თქმით, ეს რომ ასე არ მომხდარიყო, ისიც სულხან მოლაშვილის ბედს გაიზიარებდა. რაც შეეხება  პოლიტიკაში დაბრუნებას, მისი თქმით,   2010 წლიდან  გია ჟორჟოლიანთან  ერთად  არის  პარტია  „სოციალ დემოკრატების“ დამფუძნებელი. „ქართულ ოცნებას“ კი იმ ძალად მიიჩნევს, რომელიც შეძლებს დაპირებების ასრულებას.

ნარჩემაშვილმა ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც ის საბაჟო დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. „მე არ მინდოდა იმ სისტემაში წასვლა, რომელიც ცნობილი იყო კორუფციით. მე იქ დავყავი 4 თვე. მაშინ შემოსავლების მინისტრი იყო მიხეილ მაჭავარიანი, მე რომ „ქერის ორმოში" ყოფნა მდომოდა, დავრჩებოდი იქ და დავკავდებოდი იმ საქმიანობით, რასაც  სააკაშვილი და მისი გუნდი ეწეოდა.“

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა