|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია დაამტკიცეს

საქართველოს მთავრობამ „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2019-2023“ დაამტკიცა. სტრატეგია მიზნად ისახავს  რეგიონების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.  

სტრატეგია სამ მიზანს ითვალისწინებს, ესაა: მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობა. 

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა სასწრაფო დახმარების შენობების მშენებლობა, გზების, ამბულატორიული შენობების, სკოლების, საბავშვო ბაღების, მუზეუმების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მყარი ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობა, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია, პრევენციული ღონისძიებები ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შემცირების მიზნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია,  ელექტროფიცირება, გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია და მუნიციპალიტეტებში ინფორმაციული ნაკადების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვა.

სტრატეგიის ორწლიანი  სამოქმედო   გეგმის   საპროგნოზო  ბიუჯეტი  დაახლოებით 700  მილიონი ლარია.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის საფუძველზე, რომელიც პარლამენტმა 4 წლის წინ, 2015 წლის 16 ივლისს მიიღო, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის სულ 86 მილიონი ლარი გამოიყო, რაც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ, სოფლის მეურნეობისა და სოციალურ პროექტებს მოხმარდა. 

ამ კანონის საფუძველზე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1,731 დასახლებას და 245,287 საქართველოს მოქალაქე სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა