|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით დვალი: "მე არ დავკონკრეტდები, რა ტიპის კონსულტაცია იყო"

როგორც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საუნივერსიტეტო ქალაქის ქუთაისში აშენება სექტემბერში უნდა დაიწყოს,  თუმცა  მოსალოდნელი სამუშაოების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ადგილობრივ თვითმმართველობაში  ჯერჯერობით არ ფლობენ.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი არ ადასტურებს ქალაქის მერის შოთა მურღულიასა და  ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას,  რის შესახებაც   საინიციატივო ჯგუფის -"ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს"- დამფუძნებელმა მალხაზ ფხაკაძემ "ნიუპრესთან" განაცხადა. 

საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი კი აცხადებს, რომ დეტალებზე საუბრისაგან თავს შეიკავებს: "მე არ დავკონკრეტდები იმაზე, თუ რა ტიპის კონსულტაცია იყო, ან არ იყო თვითმმართველობასთან", - განუცხადა მან "ნიუპრესს".

 თუ სად შეიძლება განთავსდეს საუნივერსიტეტო  კომპლექსი, რამდენ ჰექტარზე და როგორი იქნება ის,  ამის შესახებ  საკრებულოს თავმჯდომარე ვერ საუბრობს, თუმცა,  პროექტის ავტორების გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. მისი თქმით, აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები პირადად მას არ ჰქონია, თუმცა მზად არის  სრული დატვირთვით ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში.

"მივესალმებით პროექტის ავტორების გადაწყვეტილებას, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საბაზისო ადგილი იყოს ქუთაისი. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის პროექტის ავტორების დიდი საჩუქარი ქალაქისთვის. მე არ დავკონკრეტდები იმაზე, თუ რა ტიპის კონსულტაცია იყო, ან არ იყო თვითმმართველობასთან. მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ეს არის პროექტი, რომელსაც დადებითი გადაწყვეტის შემთხვევაში ექნება უზარმაზარი მატერიალური და ინტელექტუალური პროფიციტი ქალაქის მიმართ და თუ ეს პროექტი, რომელიც უკვე ხმამაღლა დაპრეზენტდა ავტორების მხრიდან, განხორციელდება ქუთაისში, არის მთელი ქვეყნის გამარჯვება და ჩვენ ამაყნი ვართ იმით, რომ ეს ხდება დღეს, აქ და ამ ფორმით.  ეს ჩვენი ქალაქის არა მარტო შიდასახელმწიფოებრივი, არამედ საერთაშორისო აღიარების დეკლარირება იქნება!  ჩვენ ყველანი ერთად ვიხილავთ გაცილებით უკეთეს ქუთაისს",-აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა.

მისი თქმით, კომპლექსი შესაძლოა 5, 10, ან 20 ჰექტარამდე აშენდეს, გადაწყვეტილება დამპროექტებელმა უნდა მიიღოს. დავით დვალს აქვს იმის მოლოდინი, რომ  ქალაქის ხელმძღვანელობასა და პროექტის ავტორებს შორის  აქტიური კონსულტაციით შეირჩევა ადგილი, რომელიც ამ პროექტის განსახორციელებლად ყველაზე უფრო ღირსეული იქნება და ამაში საუკეთესო კონსულტანტი და მრჩეველი თვითმმართველობის მხრიდან ქალაქის მერი იქნება.

შეგახსენებთ, საინიციატივო ჯგუფის - ”ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს”  დამფუძნებლის მალხაზ ფხაკაძის ინფორმაციით, ქუთაისის მერი შოთა მურღულია ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, სადაც ივანიშვილმა  მას განუცხადა, რომ პროექტის ქუთაისში განხორციელების გადაწყვეტილება საზოგადოების აქტიური მოთხოვნის შედეგად მიიღო.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი