|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ სიახლეები გააცნო

მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატებს უმაღლესი განათლების სისტემის მეგაპროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

მიხეილ ჩხენკელმა  აღნიშნა, რომ უნივერსიტეტს აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი, რაც იმის დასტურია, რომ მისი განვითარება სწორი ხედვით მიმდინარეობს. გახსნიდან მეორე წელსვე – 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს. 2021 წელს სტუდენტთა რაოდენობა 76%-ით გაიზარდა.

უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი აკადემიური პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მინისტრის თქმით, არსებული მიდგომა შენარჩუნდება და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეტაპობრივად შეიქმნება აკადემიური პროგრამები უმაღლესი განათლების სამივე საფეხურისთვის კონკრეტულ სფეროში ლიდერ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში პირადად შეხვდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (NYU) პრეზიდენტს ენდრიუ ჰამილტონს და მასთან ერთად განიხილა ერთობლივი აკადემიური პროგრამების დანერგვის პერსპექტივები. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოების მიზნით დაგეგმილია ვიზიტი გერმანიაში, სადაც შეხვედრები გაიმართება აკადემიური წრეებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ასევე, გაგრძელდება მუშაობა კონკრეტულ სფეროში ლიდერ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახალი აკადემიური პროგრამების შესაქმნელად.

უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ქართველებთან ერთად ჩართული არიან ცნობილი უცხოელი პროფესორებიც, რომელთა რიცხვი ეტაპობრივად იზრდება. შედეგად, მინისტრის შეფასებით, ქუთაისში ყალიბდება განათლებისა და მეცნიერების რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან, ასევე, ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური პროგრამების შექმნის პოლიტიკას და სტუდენტების მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიაა, თავის გარშემო გააერთიანოს კერძო სექტორი, გააძლიეროს კავშირი ინდუსტრიასა და მეცნიერებას შორის და ამ გზით შექმნას ძლიერი მეწარმეობა. უნივერსიტეტის ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ისეთი მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა: „სიმენსი“, „ჰილტი ჯგუფი“, „დელოიტი“, „პეპ-დიზაინი“, ევროპის აერონავტიკის კომპანია (EADS), გერმანიის ბიზნეს ასოციაცია (DWV), ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისათვის“, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოში.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ, რომლის განსავითარებლად ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

 

ავტორი: ნიუპრესი