|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს, – ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.

„ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითაც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში.

ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობა“ ხელს ვაწერთ შეთანმხებას, რომ არ ახდეს „ქართული ოცნების“ ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან, რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მიის თქმით, ბოლო დღეების მოვლენები, ევროკავშირის დახმარებაზე უარი, ყველაფერს თავის სახელს არქმევს.

„შესაძლოა, არ მოგვწონდა 19 აპრილის შეთანხმება და ეს არც არასოდეს დაგვიმალავს, არც მე და არც ჩემს მეგობრებს და რატომ არ მოგვწონდა?! რადგან არ გვჯეროდა და ბუნებრივია, როცა არ გჯერა, ვერ მოიწონებ იმას, რისიც არ გჯერა. არ გვჯეროდა, რომ ოლიგარქი ივანიშვილი რამე სერიოზულ რეფორმას განახორციელებდა. არ მოგვწონდა ამნისტიის უსამართლო კანონი და ა.შ. სამწუხაროდ, ბევრ რამეში აღმოვჩნდით, იმის ჩათვლით, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებდა თავისი ხელმოწერის პატივისცემად და ეს მხოლოდ დაძაბულობის დროებითი ჩახშობა იყო და არა კრიზისიდან გამოსავალი, მაგრამ ახლა, ყველა დეტალი მნიშვნელობას კარგავს და ფერმკრთალდება მთავარ სათქმელთან შედარებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს გაფორმდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდა დოკუმენტს. მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტის ანულირების შესახებ განაცხადა და მიზეზად დაასახელა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებდა შეთანხმების ხელმოწერაზე.

ავტორი: ნიუპრესი