|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალური მოძრაობის" საჩივარი ქუთაისის საოლქო კომისიამ განუხილველად დატოვა

ქუთაისის # 59 საოლქო საარჩევნო კომისიამ  საჩივრების განხილვა დაასრულა. 

როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ, ყველაზე მეტი საჩივარი  კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით დაიწერა. მას მოსდევს  საჩივრები, რომლებიც შეეხებოდა საარჩევნო დოკუმენტაციის შევსებისა და დალუქვის წესს, ასევე საჩივრებია შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით.

ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით,  მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციის მრავალგზის გაფრთხილებისა,  რატომღაც წინა არჩევნებზეც და ახლაც უბნების გარკვეულ ნაწილს ჩანაწერთა წიგნი არ ჰქონდა დალუქული‘’, –აცხადებს ავთანდილ ოსეფაიშვილი. 

,,რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საჩივარს ბათილ ბიულეტენებთან დაკავშირებით, საოლქო კომისიამ ეს მოთხოვნა განუხილველად დატოვა. კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამის მიზეზი გასაჩივრების ვადებისა  და წესების დაუცველობა გახდა. "ჩვენ არა გვაქვს უფლებამოსილება განვიხილოთ ასეთი შინაარსის საჩივარი, თუ ფაქტი გასაჩივრებული არ იყო უბანზე და დაწერილი იყო შემაჯამებელი ოქმის შედგენის შემდეგ,- განმარტა ოსეფაიშვილმა.

საჩივრების განხილვის შემდეგ რამდენიმე უბნის მდივანსა და თავმჯდომარეს დაეკისრა დისციპლინარული პასუხისმგებლობა.

ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქებს აკვირდებოდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ,,სამართლიანი არჩევნები’’, უცხოელი დამკვირვებლები და პარტიის მიერ დანიშნული წარმომადგენლები. დამკვირვებელთა თქმით, საჩივრების შედგენის უმთავრესი მიზანი იყო პრევენცია და მზადება მომავალი არჩევნებისთვის. 

 #47 ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გია თევდორაძის განცხადებით,  ქუთაისის სამივე მაჟორიტარულ ოლქში მთლიანობაში პროპორციული და მაჟორიტარული ბიულეტენების დიდი რაოდენობა, დაახლოებით 5 ათასამდე, არის გაბათილებული. ჩვენ გვქონდა საჩივარი ამ ბიულეტენების ბათილობასთან დაკავშირებით და ვითხოვდით მის გადათვლას, რაზეც  საოლქო საარჩევნო კომისიამ  გამოგონილი მიზეზით უარი თქვა. ჩვენ უკვე მივმართეთ საქალაქო სასამართლოს, რომ უკვე სასამართლოს ძალით მოვითხოვოთ ამ ბიულეტენების გადათვლა",-განაცხადა თევდორაძემ. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე