|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მაკნატუნა“ ხელისუფლებას ბიზნესის პატრონობისკენ მოუწოდებს

მზესუმზირის მწარმოებელი საწარმო „მაკნატუნა" ფინანსურ წნეხსა და დისტრიბუტორის დაკავებას აპროტესტებს.

„მაკნატუნას“ წარმომადგენლებმა ქარხნის ყოფილი დისტრიბუტორის დაკავების ფაქტი პარლმენტთან გააპროტესტეს.

„მაკნატუნას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გია გუმბერიძის თქმით, ყოფილი დისტრიბუტორი ტატო ჭელიძე ფინანსურმა პოლიციამ  სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის გასაღების გამო დააკავა.

გია გუმბერიძის თქმით, ჭელიძის მიმართ აღნიშნული ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე დაახლოებით ერთი  წლის წინ  აღიძრა. თუმცა იმ დროს ჭელიძის პასუხისგებაში მიცემა არ მომხდარა.  როგორც გუმბერიძე, ამბობს, დისტრიბუტორმა „მაკნატუნა“ დატოვა და სამუშაოდ სხვა დაწესებულებაში გადავიდა.

ყოფილი დისტრიბუტორის დაკავების ფაქტის გაპროტესტების გარდა,  „მაკნატუნას“ წარმომადგენლებმა   ხელისუფლებას  ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემების  მოგვარებისკენაც მოუწოდეს.  

„ის კანონი, რომელიც ძველმა ხელისუფლებამ მიიღო, მხოლოდ დიდ ბიზნესს აძლევს განვითარების საშუალებას და მონოპოლიას უწყობს ხელს. ჩვენ მოვითხოვთ საგადასახადო კოდექსის გადახედვას და ფინანსური ამნისტიის გამოცხადებას. გადასახადების გადახდა შემოსავალთან პროცენტული შესაბამისობით უნდა იყოს. მე არ მინდა ღორივით ჩავწვე ბიზნესში და მარტო ფული ვიშოვო. მინდა თავისუფლება იყოს ამ ქვეყანაში და ბიზნესი იყოს თავისუფალი,“ - ამბობს გია გუმბერიძე.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ სამართალდამცავებმა „მაკნატუნას“ დირექტორი და ორი დისტრიბუტორი ანალოგიური ბრალდებით დააკავეს, თუმცა აღნიშნული პირები სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. მომხდარის გამო, საწარმო რამდენიმე დღის განმავლობაში გაჩერებული იყო.

„მაკნატუნას“ წარმომადგენლებს შეხვედრას ქუთაისის მაჟორიტარი გუბაზ სანიკიძე დაჰპირდა.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე