|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუბაზ სანიკიძემ ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

„7 ივნისს ქუთაისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი დაფუძნდება, რომლის დაფუძნებას ბიძინა  ივანიშვილი პირადად დაესწრება. მე მოგიწოდებთ ყველას ცენტრალურ მოედანზე შეკრებისკენ.  ქუთაისში ჩამოვა ბერა ივანიშვილიც, რომელიც ახალგაზრდებისთვის კონცერტს გამართავს. ქუთაისში წარმომადგენლობებს გახსნიან საერთაშორისო ორგანიზაციები. აქ ჩამოვლენ საერთაშორისო და არა სააკაშვილის დამკვირვებლები,“ -  განაცხადა გუბაზ სანიკიძემ დღეს ქუთაისში, მოსახლეობასთან შეხვედრისას.

 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე, (რომელიც საპარლამეტო არჩევნებში ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება კოალიციის ქვოტით)  დღეს  ქუთაისში, ავტოქარხნის სამხრეთ დასახლებაში მცხოვრებ  მოსახლეობას შეხვდა. სანიკიძემ მოსახლეობას ქვეყანაში არსებული ვითარება, კოალიციის მიზანი გააცნო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ „ქართული ოცნებით“ ჩანაცვლების პირობა მისცა.

მიმდინარე შეხვედრაზე სანიკიძეს მოსახლოებასთან კოალიციის პროგრამაზე არ უსაუბრია. მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არის უფლებამოსილი პროგრამის გასაჟღერებლად. თუმცა აღნიშნა, რომ  ბიძინა ივანიშვილს  სერიოზული გეგმები გააჩნია  სოფლის მეურნეობის აღორძინებასთან დაკავშირებით. მისი თქმით,  კოალიციის პროგრამა მალე დაიბეჭდება და მოსახლოებას გაცნობის მიზნით დაურიგდება.  მოსახლოებასთან შეხვედრისას სანიკიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ იმერეთი მისი მშობლიური მხარეა. მან აქვე ქუთაისის ფუნქციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქუთაისს პოლიტიკური, კულტურული და სამეცნიერო ფუნქცია უნდა ჰქონდეს.

გუბაზ სანიკიძემ მოსახლოებას აქტიურობისაკენ მოუწოდა და სექტემბერში, კიდევ ერთი შეხვედრის პირობა მისცა.

„ახლა  საქართველოში დგას „ნაცმოძრაობის“ პანაშვიდები. შემოდგომაზე გასვენება იქნება. ჩვენც მივიდეთ და ერთი კარგი ვენოკით გავაცილოთ „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ მოუსავლეთში,“ - განაცხადა სანიკიძემ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე