|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჰერკულესში" 300–მდე მეტალურგის ბედი გაურკვეველია

ქუთაისში, ქართულ-ინდური მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესიდან“ გათავისუფლებული მუშებისათის ახალი ხელშეკრულებების გაფორმება საწარმოს ამუშავების შემდეგ იგეგმება. ამ ეტაპზე დაახლოებით  300-მდე მეტალურგის ბედი გაურკვეველია.  

მიმდინარე კვირაში საწარმოს მუშები ინდოელ ინვესტორთან შეხვედრას გეგმავენ.  შეხვედრას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. პროფკავშირების იმერეთის ოფისის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ემილო გუმბერიძის თქმით,  ამ პროცესში პროფკავშირები მუშების ინტერესების დაცვას მაქსიმალურად შეეცდებიან.

„ინვესტორმა მუშებს უნდა გააცნოს რას აპირებენ, როდის ამუშავდება ქარხანა  და რა დატვირთვით აპირებენ მუშაობას. როგორც ადმინისტრაცია ამბობს, ხელშეკრულებებს იმ მეტალურგებს გაუფორმებენ, რომლებიც კარგად მუშაობენ. ვფიქრობთ, რომ პროფკავშირული ნიშნით იქნება  მუშების გამორჩევა,“ - ამბობს გუმბერიძე.

ქართულ-ინდურ მეტალურგიულ საწარმოში  მუშაობა დაახლოებით ერთი თვეა  გაჩერებულია. ამის მიზეზად ადმინისტრაცია რეკონსტრუქციის პროცესის მიმდინარეობას ასახელებს. რეკონსტრქუციის პერიოდში უცხოეთში გასატანი პროდუქციის დასამზადებლად ახალი ღუმელების  დამატება უნდა მოხდეს.

ადმინისტრაცია პროცესის დასრულებასა და საწარმოს ამოქმედებას  მიმდინარე წლის  სექტემბრისათვის ვარაუდობს. სწორედ ამ პერიოდისთვის უნდა მოხდეს  მუშებისათვის ახალი ხელშეკრულებების გაფორმებაც.

„ჰერკულესის“ ხელმძღვანელობიდან გასულ კვირას ხელფასების დარიცხვასა და საწარმოს ამუშავების ზუსტი თარიღის დასახელებას ითხოვდნენ  მეტალურგები. მათ ქარხანასთან აქციაც გამართეს. როგორც ირკვევა, ხელფასების საკითხი  მუშებს მოუგვარდათ. სამსახურის შენარჩუნების  საკითხი  კი მიმდინარე კვირაში უნდა გაირკვეს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა