|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ ვერ ხსნიან ქუთაისში საზოგადოებრივ ტუალეტებს?

ქუთაისში, ოთხ სხვადასხვა ადგილზე მოწყობილი საზოგადოებრივი საპირფარეშო ექვს თვეზე მეტია, ფუნქციონირებაში გაშვებას ელოდება.

ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, საზოგადოებრივი ტუალეტების აშენება მათი მოთხოვნით მოხდა. თუმცა, საჭიროების მიუხედავად, ამ დრომდე საპირფარეშოების სარგებლობის შესაძლებლობა არ მისცემიათ.

„ამდენი ხანია  ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტები არის, მაგრამ არ მუშაობს.თუკი ააშენეს უნდა გახსნან კიდევაც. გაურკვევლია რატომ არ გახსენეს ამდენი ხანი“, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები მადონა სვანიძე.

„პრეზენტაცია რომ იქნება მერე გახსნიან, ალბათ. ხომ იცით, ქუთაისი იუმორის ქალაქია“, – აღნიშნავენ ადგილობრივები.

მოსახლეობის  მსგავსად, საზოგადოებრივი ტუალეტების უფუნქციობის მიზეზები ქუთაისის მერიაშიც არ იციან.

„უცნობია რატომ არ არის გახსნილი ამდრომდე. ჩვენ ამაზე  პასუხისმგებელი არ ვართ.  შენობები  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ააშენა. ჩვენ მხოლოდ მიწის ნაკვეთი გადავეცით უსასყიდლოდ“, – ამბობს ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ვასილ მებურიშვილი.

საქართველოს  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტების მოწყობა  2011 წელს დაიწყო და 2012 წლის ოქტომბერში დაასრულა.

ქალაქის ცენტრალური ბულვარი, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, ავტოქარხნის დასახლება და  ჯავახიშვილის ქუჩა  – ეს ის ადგილებია, სადაც საზოგადოებრივი ტუალეტი  კეთილმოწყობილია.

წყალმომარაგების კომპანიაში განმარტევენ, რომ ამდროისათვის ზემოთ აღნიშნული ობიექტების  კომპანიის ბალანსზე აყვანის პროცედურები და საკითხის დოკუმენტალურად მოწესრიგება მიმდინარეობს.

„ამ ობიექტების მუშაობა უნდა უზრუნველყოს იმ მეპატრონემ, ვისაც გადაეცემა ექსპლუატაციაში. ჩვენმა კომპანიამ უზრუნველყო  საპირფარეშოების მხოლოდ მშენებლობა. მას შემდეგ, რაც ჩვენსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დასრულდება მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების ბალანსზე აყვანის პროცედურები, კომპანია აღნიშნულ ობიექტებს გადასცემს შესაბამის მუნიციპალიტეტებს. რის შემდეგაც მუნიციპალიტეტი თავად განსაზღვრავს შემდგომი მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის საკითხებს“, – განმარტავს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კომერციული დირექტორი გიორგი კობერიძე newpress–სთან საუბარში.

კონკრეტულად, თუ როდის დამთავრდება დოკუმენტალური პროცედურების მოწესრიგება, ამაზე კომპანიაში არ საუბრობენ.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების  კომპანიამ ქუთაისში საზოგადოებრივი ტუალტების მოსაწყობისათვის  182 289  ლარი  დახარჯა.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა