|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2015 წლიდან თვითმმართველობების ბიუჯეტების ანგარიშების მართვა ერთიანი საინფორმაციო სისტემის მეშვეობით განხორციელდება

2015 წლიდან ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ანგარიშები გაიხსნება ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში და მათი მართვა განხორციელდება სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის მეშვეობით. აღნიშნულის განხორციელება სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგიის მიხედვით არის განსაზღვრული.

საჯარო ფინანსების მართვის საინფორმაციო სისტემის (PFMS) გაცნობის მიზნით დღეს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საფინანსო სამსახურების ხელმძღვანელებთან.

შეხვედრა გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, სტეფან ჰაიკინმა. 

როგორც შეხვედრაძე აღინიშნა, რეფორმის მიზანია, ყველა დონის ბიუჯეტების ოპერაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, უკვე მიმდინარეობს მუშაობა სათანადო საკანონმდებლო ცვლილებებზე და ასევე, სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო სისტემის მოდულებზე, რომელთა მეშვეობითაც ადგილობრივი ბიუჯეტების საფინანსო სამსახურები განახორციელებენ საბიუჯეტო ოპერაციებს.

დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის, სახაზინო სამსახურისა და საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენლებმა მოახდინეს აღნიშნული საინფორმაციო სისტემის მოდულების დემონსტრირება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პარლამენტის რეგიონალური განვითარების კომიტეტის წარმომადგენლებმა.

 


ავტორი: ნიუპრესი