|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველმა 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა

2014 წლის 16 დეკემბერს სახალხო დამცველმა ერთი წლის მუშაობის შედეგები წარმოადგინა. ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველისადმი მომართვიანობამ წინა წლებთან შედარებით იმატა, რაც აპარატის საქმიანობის გააქტიურებისა და ცნობადობის ამაღლების მაჩვენებელად მიიჩნიეს. შარშან ამავე პერიოდისთვის შემოსული იყო 5457 განცხადება, წელს - 7272.

ანგარიშის თანახმად, გაუმჯობესდა საქმის წარმოების ერთიანი ელექტრონული პროგრამა, ამუშავდა მუდმივად განახლებადი ოფიციალური ვებ-გვერდი, შეიცვალა აპარატის სტრუქტურა და გაიზარდა აპარატში მომუშავეთა რიცხვი. შეიქმნა ანალიტიკური დეპარტამენტი და თანასწორობის დეპარტამენტი. მუშაობა დაიწყო სახალო დამცველის მრჩეველმა კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში

ანგარიშში ნათქვამია აგრეთვე, რომ  გაძლიერდა რეგიონული წარმომადგენლობები. სახალხო დამცველი წლის განმავლობაში 30-ჯერ ეწვია ქვეყნის რეგიონებს, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგები და სემინარები სამოქალაქო განთლების დონის ასამაღლებლად.

მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა სხვადასხვა უწყებებს 131 რეკომენდაციითა და წინადადებით მიმართა, აქედან 38 შესრულდა, ხოლო 12 ნაწილობრივ შესრულდა.

პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა მიმდინარე წელს მოინახულა 2 845 პატიმარი; 44 ვიზიტი განახორციელა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში, შეამოწმა ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ქვეყანაში არსებულ პენიტენციალური დაწესებულებებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, პოლიციის სამმართველოებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში. დაინერგა სიახლე - მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი.

საქმიანობის ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველმა საზოგადოებას, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს წარუდგინა.

ავტორი: ნიუპრესი