|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკა ლატარია: „თქვენგან განსხვავებით, საქმეს ვაკეთებდი და ენას არ ვატრიალებდი“

საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს შორის  კამათი  გაიმართა. „რესპუბლიკელი“ დეპუტატის  ნატო ქათამაძესა და საკრებულოს დღევანდელი სხდომის თავმჯდომარეს შორის  სიტყვიერი დაპირისპირება ისევ საკითხების დროულად მიწოდების საკითხმა გამოიწვია.  შელაპარაკებისას ნატო ქათამაძემ  ნიკა ლატარიას მისი წარსული შეახსენა,  რასაც ლატარიას რეპლიკა მოჰყვა: „თქვენგან განსხვავებით საქმეს ვაკეთებდი და ენას არ ვატრიალებდი.“  ნიკა ლატარიას თქმით, რესპუბლიკელი დეპუატატი სხდომებზე ხმაურიანი გამოსვლით კამერებთან  კეკლუცობს. 

სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის მოადგილემ კომენტარი გააკეთა:  „ვიყავი ბიზნესით დაკავებული და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ვასაქმებდი ადამიანებს, ქალბატონ ნატოს არც ერთ  დეპუატატთან არ აქვს კარგი დამოიდებულება,  ის არის ჩვენი გუნდის წევრი, მაგრამ  ყველა სხდომაზე აგრესიით გამოირჩევა.  ეს არის კამერებთან პოზირება,  პრაქტიკულად, აქვს სხდომის ჩაშლის მცდელობა. ჩვენც, ისევე როგორც ქალბატონი ნატო, დავდივართ და ვხვდებით მოსახლეობას“, - განაცხადა ნიკა ლატარიამ.

ნატო ქათამაძემ სხდომა დასრულებამდე რამდენიმე წუთით  ადრე დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: „საკითხები სხდომაზე მოუმზადებლად შემოდის, მე არაერთხელ მივმართე მერიას საკითხების დროულად შემოტანის შესახებ. დღეს პირადად შევეცადე მიმეღო კითხვებზე პასუხი, რასაც მოჰყვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისგან ჩემთვის გაუგებარი რეპლიკა, თითქოსდა მე ვკეკლუცობ კამერებთან. 10 წელია  ვიბრძოდი მოსახლეობის ინტერესებისთვის და მიხედავად იმისა, რომ ვარ ხელსუფლებაში ეს იმას არ ნიშნავს, რომ გავჩუმდე და დავემსგავსო წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს“- განაცახდა ნატო ქათამაძემ.

ავტორი: ანა ჯიქია