|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია სოსანაშვილი შესაძლოა, გაათავისუფლონ, ან სასჯელი გადაუვადონ

იური ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებული გია სოსანაშვილი მძიმე სენით არის დაავადებული. ამის შესახებ სოსანაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ.

როგორც გაზეთი "პრაიმტაიმი" წერს, გია სოსანაშვილს თავის ტვინის სიმსივნე სჭირს და ის სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში უშვებს სასჯელის გადავადებას, ან სასჯელისგან საერთოდ განთავისუფლების შესაძლებლობას. სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე ამბობს, რომ ის ამ შესაძლებლობის გამოყენებას აპირებს, თუმცა საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, პროგნოზების გაკეთება უჭირს. იურისტების განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლი საშუალებას იძლევა, სასამართლომ მსჯავრდადებულს განაჩენის აღსრულება გადაუვადოს მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე, სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

„შეიძლება მომავალში მომზადდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარეობის შუამდგომლობა, რა დაავადება აქვს, რა მდგომარეობაშია. მე საბუთები მოვითხოვე კიდეც და მომიტანენ, მაგრამ აქ ცოტა სხვანაირადაა საქმე… ეს ძალიან რეზონანსული საქმეა“, – აცხადებს სოსო ჯოგლიძე "პრაიმტაიმთან'.

გაზეთის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სოსანაშვილების ოჯახი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს. ამ ინფორმაციას ბრალდებულის და, ლია სოსანაშვილიც ადასტურებს, თუმცა განცხადების შინაარსის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.


ავტორი: ანი ლიპარიშვილი